დარვინი ჩარლზ რობერტ

ჩ. დარვინი

დარვინი (Darwin) ჩარლზ რობერტ (12.II. 1809, შრუზბერი, – 19. IV. 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად), ინგლისელი ბუნებისმეტყველი, რ-მაც შექმნა მოძღვრება ცოცხალი ბუნების ისტ. განვითარების (ევოლუციის) შესახებ.

დ. თავდაპირველად სწავლობდა მედიცინას, შემდეგ – თეოლოგიას. გატაცებული იყო ცოცხალი ბუნების შესწავლით.

1831–36 იმოგზაურა დედამიწის გარშემო გემ „ბიგლით". დააგროვა დიდძალი ბოტან., ზოოლ., პალეონტოლ., გეოლ., ანთროპოლ., ეთნოგრ. მასალა, რ-იც შეისწავლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თანამედროვე ცოცხალი სამყაროს წარმომადგენელთა ნაირგვარობა ბუნების კანონების საფუძველზე მიმდინარე ხანგრძლივი განვითარების პროცესის შედეგია.

დ-მა ისტ. განვითარების იდეა გაავრცელა ადამიანზეც. მისი ძირითადი ნაშრომია „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში" (1859). სხვა ნაშრომებში: „შინაურ ცხოველთა და კულტურულ მცენარეთა ცვალებადობა" (1869), „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა" (1871) და სხვ. ძირითადად გადმოცემულია ფაქტობრივი მასალა, რ-იც „სახეობათა წარმოშობაში" ჩამოყალიბებულ დებულებებს ასაბუთებს.

დ-ის ევოლ. თეორიის საფუძველია მოძღვრება ხელოვნური და ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. ხელოვნური გადარჩევა ის ფაქტორია, რ-ითაც ადამიანს შეუქმნია კულტ. მცენარეთა და მოშინაურებულ ცხოველთა მრავალნაირი ჯიში; ბუნებრივი გადარჩევა კი განაპირობებს ახ. სახეობების წარმოქმნას ბუნებაში. იგი მიმდინარეობს ორგანიზმთა ინტენს. გამრავლებისა და სიჭარბის გამო არსებობისათვის გამოწვეული ბრძოლის ფონზე, რის შედეგადაც გადარჩებიან მოცემულ პირობებს უკეთ შეგუებული ორგანიზმები, რ-ებიც დასაბამს აძლევენ ახ. სახეობებს.

დ-ის ევოლ. თეორიას თავიდანვე გაუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, წარმოიქმნა ანტიდარვინიზმი – ცალკეულ კონცეფციათა ერთობლიობა, რ-ებიც უარყოფენ ბუნებრივი გადარჩევის წამყვან როლს ორგანული სამყაროს ევოლუციაში. ანტიდარვინიზმის ძირითადი მიმდინარეობები ჩამოყალიბდა XIX ს. II ნახ-ში – XX ს. დასაწყისში. მათ მიეკუთვნება: ნეოლამარკიზმის სხვადასხვა ფორმები, ნეოკატასტროფიზმი, ტრანსფორმიზმი, ასევე გენეტიკური ანტიდარვინიზმი – მუტაციონიზმი. ანტიდარვინიზმს ასევე მიაკუთვნებენ ანტიევოლუციონიზმს ანუ კრეაციონიზმს.

XX ს-ში გენეტიკის ზეგავლენით კლასიკური დარვინიზმის რიგი შეხედულებების გადახედვის შედეგად განვითარდა ნეოდარვინიზმი. ევოლუციურმა თეორიამ განიცადა ტრანსფორმაცია, შეიქმნა სინთეზური ევოლ. თეორია, რ-იც თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა XX ს. 20–40-იან წლებში (ჯ. ჰაქსლი, ე. მაირი, თ. დობჟანსკი, ჯ. ჰოლდეინი, რ. ფიშერი, ს. რაიტი და სხვ.).

დარვინიზმის განვითარების უახლესი ეტაპი ხასიათდება მამოლეკულური ბიოლ. მონაცემების გამოყენებით დამემკვიდრების და ცვალებადობის მექანიზმების უფრო ღრმა შესწავლით – ყურადღება გამახვილებულია მიკროევოლუციურ და სახეობათა წარმოქმნის პროცესებზე. თანამედროვე დარვინიზმი აგრძელებს განვითარებას ევოლ. ბიოლოგიის ყველა უახლესი მიღწევის გამოყენებით.

დ-ის თეორიამ უდიდესი გავლენა იქონია ბუნებისმეტყველებისა და, კერძოდ, ბიოლ. შემდგომ განვითარებაზე. ამ თეორიას, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთ დიდ მიღწევას, იმთავითვე გამოეხმაურნენ საქართველოშიც. პირველი სტატიები დ-ის შესახებ გამოუქვეყნებელი აქვს მწერალ გიორგი წერეთელს გაზ. „დროებაში" (1868).

შემდგომ წლებში ქართ. ჟურნალ-გაზეთებში („მნათობი", „ივერია", „კვალი", „ნაკადული", „ახალი ცხოვრება", „განათლება" და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა პოპულ. სტატიები დ-სა და მის თეორიაზე. 1896 ფრანგულიდან ქართულად უთარგმნიათ ე. ფერიერის წიგნი „დარვინიზმი", რ-იც მეორედ გამოუციათ 1912. პირველი ქართვ. ავტორი, რ-მაც დ-ზე ცალკე წიგნი გამოსცა, არის დ. ახვლედიანი („ჩ. დარვინი, მისი ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა", 1914).

დ-ის თეორია საქართველოში ბიოლ. და მისი მონათესავე პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში თითქმის მათი დაარსებიდანვე ისწავლება; ასწავლიან საჯარო სკოლებშიც.

თხზ.: Сочинения, т. 1–9, М. –Л., 1935–59.

ლიტ.: ჯ ო ხ ა ძ ე  დ., დარვინიზმის გამოძახილი საქართველოში, «მეცნიერება და ტექნიკა », 1954, №1; მ ი ს ი ვ ე, დარვინიზმის გავრცელება საქართველოში, თბ., 1957; Биологический энциклопедический словарь, гл. ред. М. С. Гиляров, 2-е испр. изд., М., 1986; М а й р  Э., Зоологический вид и эволюция, М., 1968; Н е к р а с о в  А. Д., Чарлз Дарвин, М., 1957; Ч е т в е р и к о в  С. С., О некоторых моментах эволюционного процесса с точки зрения современной генетики, წგ.: Классики современной генетики, М., 1968; F i s h e r  R. A., The genetical theory of natural selection, 2nd ed., N. Y., 1958; H u x l e y  J., Evolution. The modern synthesis, 2nd ed., L., 1963; S i m p s o n  G. G., The major features of evolution, 3-rd ed., N.Y., 1953.

დ. ჯოხაძე