გლაუკონიტი, სილიკატების კლასის მინერალი ჰიდროქარსების ჯგუფისა. ქიმ. შედგენილობა: (K, Na, Ca) (Fe3+, Al, Fe2+, Mg)2 [AlxSi4–x O10] (OH)·nH2O, სადაც x≤ 1, n=1–2. გვხვდება წვრილკრისტალური, ზოგჯერ თირკმლისებური აგრეგატების სახით. სისალე მინერალოგიური სკალით 2–3; სიმკვრივე 2200–2800 კგ /მ³. სხვადასხვა ელფერის მწვანეა. ძირითადად წარმოიქმნება ეგზოგენური პროცესების შედეგად, გვხვდება მადნეულ საბადოთა ჰიდროთერმული შეცვლის ზონებშიც. იყენებენ დანალექი ქანების K–AR მეთოდით დათარიღებისათვის, მრეწველობაში – მწვანე საღებავებისა და დეკორ. ცემენტის დასამზადებლად, მინის წარმოებაში, სასუქად, ხისტი წყლის დასარბილებლად.
საქართველოში გვხვდება საქართვ. ბელტის ცარცულ ნალექებში (ე. წ. გლაუკონიტიანი ქვიშაქვები).
ვ. ჯავრიშვილი