დართლოს სამაროვანი

დართლოს სამაროვანი, ადრინდელი შუა საუკ. არქეოლოგიური ძეგლი სოფ. დართლოში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), იახსრის მთაზე.

სამარხების ჯგუფი გათხარეს 1932 (ხელმძღვ. გ. ჩიტაია); ქვის ერთ სამარხში მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა ორნამენტირებული ბალთა. აღნიშნული სამარხის ქვეშ, მიწაში, ნაპოვნია სასანური ხანის სარდიონის ინტალიო საბეჭდავი, ბრინჯაოს საყურე, ბეჭედი, სამაჯურის ფრაგმენტები, ბალთები, აბზინდა, ჯაჭვის ფრაგმენტები, ქვისა და მინის მძივები და სხვ.

სოფელში გათხრილია აგრეთვე გვიანდ. შუა საუკ. ქვის სამარხი, რ-შიც აღმოჩნდა მიცვალებულისათვის ჩატანებული საყურეები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბალთები, სარკეები, სარდიონისა და მინის მრავალგვარი მძივები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

რ. დოლაბერიძე

 

 

 დართლოს სამაროვანი. 1 – მძივები; 2 – ჯაჭვის ფრაგმენტები; 3 – სარკე. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.