დარისპანაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე

გ. დარისპანაშვილი

დარისპანაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე [11 (24). VI. 1905, თბილისი, – 4. IV. 1985, იქვე], მსახიობი, რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1955).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920. 1927–28 იყო თბილ. მუშათა თეატრის, 1928–33 კი – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობი. 1933–36 იყო ველისციხისა და ჭიათურის თეატრების, ხოლო 1936–60 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობი და რეჟისორი.

შეასრულა როლები: შამილი (ი. ვაკელის „შამილი"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი"), ბიძინა ჩოლოყაშვილი (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი") და სხვ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა ს. მთვარაძის „აურიე რგოლი", ა. კაჭკაჭიშვილის „პარტიზანები", ნ. ლომოურის „ქაჯანა" (ინსცენირება) და სხვ.

დ. ათამდე პიესის ავტორია, მ. შ. აღსანიშნავია „ხიდქვეშ", „ძმები", „ტყის მეგობარი" და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.