დარკვეთის ეხი

დარკვეთის ეხი ქვის იარაღი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

დარკვეთის ეხი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, სოფელ ითხვისის ჩრდილოეთით (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

1968–72 გათხარეს (ხელმძღ. ლ. ნებიერიძე) 5 კულტ. ფენა. I ფენა, შეიცავდა მეზოლითის ხანის კაჟის მიკროლითურ საფხეკებს, ასიმეტრულ სამკუთხედებს, თხელ და ვიწრო ლამელებს, რიყის ქვის საწაფებს, შურდულის ქვებს. II ფენაში აღმოჩნდა ადრინდ. (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა: რიყის გახეხილ-გაპრიალებული სატეხსათლელები, კაჟის გეომ. ფორმის ჩასართები (ტრაპეციები), ლამელები, პირამიდული და პრიზმული ნუკლეუსები. III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპია წარმოდგენილი. III და IV ფენებში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კაჟის შუბები და ისრისპირები, ფიქლის სამაჯურები და კვირისტავები, ბაზალტის გახეხილ-გაპრიალებული ცულები და სათლელ-სატეხები, ხელსაფქვავები, ძვლის სადგისები, სახვრეტები, მახათები; მცირე რაოდენობით გეომ. ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცრისფროდაა გამომწვარი და გაპრიალებული.

გვხვდება წითლად გაპრიალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლეკლდე, სამელეკლდე, ძუძუანა). V ფენაში აღმოჩნდა კაჟის შუბისპირები, მასიური საფხეკები, ფიქლის სამაჯურები, მრავალი ანატკეც-ანატეხი (წარმოების ნარჩენები). თიხის ჭურჭელი ორნამენტით ემსგავსება ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარარაქსის კულტ. ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი სამარხებით. დ. ე-ში გამოვლენილი ენეოლითური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან.

ლიტ.: ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე  ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972.

ლ. ნებიერიძე