დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ქუთაისი

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი აკად. ზ. ც ხ ა კ ა ი ა ს  ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა (შპს), თანამედროვე დონის მრავალპროფილიანი კლინიკა.

დაარსდა ქუთაისში 2005. 2005–11 ცენტრის დირექტორი იყო კ. ნურალიძე, 2011-იდან მისი ხელმძღვანელია გ. გიორგაძე. დ. ს. ი. მ. ე. ც-ში შედის შემდეგი დეპარტამენტები: 1. დიაგნოსტიკის, 2. ქირურგიის, 3. თერაპიის, 4. ანესთეზიოლოგიის, ინტენს. თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის, 5. ცენტრალური ლაბორატორიისა და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის; ასევე – ადმ.-მმართველობითი აპარატი.

ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი „SIGNA" – 1,5 Т, 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი – „Somatom Sensation Cardiac", ანგიოგრაფი „INOVA", სანარკოზოსარეანიმაციო აპარატურა და უახლესი მონიტორული სისტემები).

ცენტრში ტარდება უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროცედურები და ოპერაციები: კარდიოლოგიური კვლევები მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიით, ფილტვების, სანაღვლე გზების და ნაწლავების ვირტუალური რეკონსტრუქციები (MRI-Real time, Live); თავის ტვინის პერფუზიული და ფუნქციური გამოკვლევები, კომპიუტერული ნავიგაციით მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება, მეზენტერიალური და კორონარული არტერიების სტენტირება და სხვა.

პირველად კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდა ტრანსლუმინალური ქირურგიის დეპარტამენტი, კერძოდ, 2007 ქუთაისში ჩატარდა ტრანსვაგინალური ოვარ და ქოლეცისტექტომია (ერთდროულად). შეიქმნა ჰემოდიალიზის და ექსტრაკორპორული დეტოქსიკაციის, კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, კატასტროფის მედ. სამსახური (ემსახურება მთელ დას. საქართველოს), სამედ. სერვისი სამაჩაბლოსა და ზემო აფხაზეთში.

სტაციონარი გათვლილია 110 ავადმყოფზე. ცენტრი თანამშრომლობს ემორის (აშშ), ჰუმბოლდტის (გერმანია), პლზენის (ჩეხეთი) და გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებთან. ცენტრში შეიქმნა საქართველოში პირველი სამედ. ტურიზმის სამსახური. უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით ქუთაისში მკურნალობენ პაციენტები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, შოტლანდიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და ფილიპინებიდან.

ცენტრში 576 თანამშრომელია.