დაუდ-ხანი

დაუდ-ხანი კასტელის ალბომი XVII ს.

დაუდ-ხანი (XVI ს. II ნახ. – XVII ს. I ნახ.), განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–33, წარმომავლობით ქართველი, უ ნ დ ი ლ ა ძ ე, ალავერდი ხანის ძე. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე.

დ. ნიჭიერი მხედართმთავარი იყო. მისი ხელმძღვანელობით ირან. ჯარმა 1614 დაიპყრო გამბრუნი, 1618 არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი. ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას – ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ. დ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში.

დ. შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე. 1625, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილ. მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. დ-ის მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა.

1629 ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართვ. ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი) მოახერხა დ-ის ჩამოქვეითება. 1630–31 სეფი I-მა დ. მეჯლისიდან გააძევა. 1633 დ. აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. დ-მა ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დ-ის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა.

დ-მა ოსმალეთს შეაფარა თავი.

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; დონპიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII ს.), ბ. გიორგაძის გამოც., თბ., 1977; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI–XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972; კ უ ც ი ა  კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.] 1, თბ., 1963; ფ ა თ ე მ ი  მ. მ., სპარსული მასალები XVI–XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982.

დ. კაციტაძე