დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული

თ. დაფქვიაშვილი

დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული (21. XII. 1908, თბილისი, – 5. II. 1994, იქვე), პიანისტი და პედაგოგი. პროფესორი (1966), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966).

1929 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია საფორტეპიანო (ხელმძღვ. ა. თულაშვილი) და კამერული ანსამბლის (ხელმძღვ. ს. ბეზროდნი) სპეციალობით. 1932–35 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ლ. ნიკოლაევისა (ფორტეპიანო) და ე. ბრიკ-ირადოვას (კამერული ანსამბლი) კლასებში.

1929-იდან სიცოცხლის ბოლომდე პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვატორიაში (1935–37 გამოკლებით). მის მოწაფეთაგან აღსანიშნავი არიან ვ. ჩაჩავა, ნ. კვირკველია, ლ. ნიჟარაძე, ლ. ქადაგიძე და სხვ., ეწეოდა აქტ. საშემსრულებლო საქმიანობასაც. მან პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი (ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის ი. ცხომელიძესთან ერთად).

დ-ის შესრულებას ახასიათებდა ნაწარმოების სტილისტურ თავისებურებათა ღრმა ცოდნა, მუს. სიფაქიზე. შეადგინა „უცხოურ-ქართული მუსიკალური ტერმინოლოგია" (1948), „მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი" (1955), ავტორია ნაშრომისა „კამერულ-საკრავიერი ანსამბლები და საანსამბლო შესრულების ძირითადი პრინციპები" (1988, რუს. ენაზე), გამოაქვეყნა მოგონებები გამოჩენილ ქართვ. მუსიკოსებზე და სხვ. როგორც საზოგადოება „ცოდნის" წევრი, საშემსრულებლო მეთოდიკის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა თბილისსა და საქართვ. სხვა ქალაქებში.