დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია, (სუამი), საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის საერთაშორისო სამთავრობათაშორისი ორგანიზაცია.
1996 მაისში ვენაში (ავსტრია) „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების თაობაზე" ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში შედგა პირველი ოთხმხრივი შეხვედრა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დელეგაციათა ხელმძღვანელებს შორის. ეს შეხვედრა საფუძვლად დაედო ზემოხსენებული ქვეყნების სუამის ფარგლებში გაერთიანებასა და შემდგომ თანამშრომლობას. 1997 წ. 10 ოქტ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, პრეზიდენტების გადაწყვეტილებით დაფუძნდა სუამის გაერთიანება, როგორც საკონსულტაციო ფორუმი.
1999 წ. 24 აპრ. ვაშინგტონში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში შედგა სუამის წევრ სახელმწიფოთა და უზბეკეთის სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა, რის შედეგადაც უზბეკეთი გახდა გაერთიანების წევრი და სახელწოდება სუამი შეიცვალა სუუამით, თუმცა 2005 წ. მაისში უზბეკეთმა დატოვა გაერთიანება.
2005 კიშინეუს (კიშინიოვის) სამიტზე სახელმწ. მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება სუამის გაერთიანების ბაზაზე სრულფასოვანი საერთაშ. რეგიონული ორგანიზაციის შექმნის თაობაზე. 2006 მაისში კიევში გამართული სუამის სამიტის დროს ხელი მოეწერა სუამის წესდებასა და სხვა დოკუმენტებს. შეიქმნა ახ. ორგანიზაცია დ. და ე. გ. ო. – სუამი. ახ. ორგანიზაციის დასახელებაში შენარჩუნდა გაერთიანების ადრე არსებული აბრევიატურა – სუამი, რაც ორგანიზაციის დამფუძნებელ ქვეყნებზე (საქართვ., უკრ., აზერბ., მოლდ.) მიანიშნებს.
წევრი ქვეყნები როტაციის პრინციპით ახორციელებენ ორგანიზაციის თავ-რე ქვეყნის ფუნქციებს, როგორც წესი, ერთი წლის ვადით. ორგანიზაცია ღიაა სხვა სახელმწიფოს წევრად მიღებისთვის, თუ იგი იზიარებს მის მიზნებსა და პრინციპებს. ახ. ორგანიზაციის წესდების თანახმად, სუამის ძირითადი მიზნები და პრინციპებია: დემოკრ. ღირებულებათა განმტკიცება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საერთაშ. და რეგიონ. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება; ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შესაქმნელად, ასევე ეკონ. და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება; მხარეთა სოც., ეკონ., სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნ.-ტექ. და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება და სხვ. ორგანიზაციის მთავარი ორგანოა საბჭო, რ-იც წარმოდგენილია სახელმწიფოთა მეთაურების (სამიტი), საგარეო საქმეთა მინისტრების, ეროვნ. კოორდინატორებისა და მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.
2007 წ. 1 ივნისს კიევში დაფუძნდა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო, რ-იც გენ. მდივნის ხელმძღვანელობით სუამის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექ. ფუნქციებს ახორციელებს. სუამის პირველი გენ. მდივანი გახდა ქართვ. დიპლომატი ვ. ჩეჩელაშვილი. სუამის წევრ ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ხორციელდება სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რ-იც 2004 შეიქმნა. პოლიტ. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია: ეკონომიკა, დემოკრატია, უსაფრთხოება, კონფლიქტების დარეგულირება. წევრ ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობა ხორციელდება 8 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში: 1. ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის; 2. ვაჭრობისა და ეკონომიკის; 3. ენერგეტიკის; 4. საგანგებო სიტუაციების; 5. საინფორმაციო ტექნოლოგიების; 6. კულტურის, განათლებისა და მეცნიერების; 7. ტრანსპორტის და 8. ტურიზმის საკითხებზე.
სუამს გააჩნია სხვა ქვეყნებთან და საერთაშ. ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობის ინსტიტუციონალური მექანიზმი. ორგანიზაციის პარტნიორები არიან: აშშ, იაპონია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ვიშეგრადის ჯგუფი (ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი). პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა, ვაჭრობა და ეკონომიკა, სამართალდაცვის სფერო, ტურიზმი, ეკოლოგია, განათლება და მეცნიერება.