დენდროლოგია, (ბერძნ. dendron – ხე და logos – სიტყვა, მოძღვრება), ბოტანიკის დარგი, რ-იც შეისწავლის მერქნიან მცენარეებს.
ტერმინი შემოიღო უ. ალდროვანდიმ 1668. დ-ის ძირითადი მიმართულებებია: სატყეო დ., რ-იც შეისწავლის ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების გავრცელებას, მათ ეკოლ. თავისებურებებსა და ტყის კულტურების გაშენების შესაძლებლობას; დეკორატიული დ. სწავლობს მერქნიან მცენარეთა დეკორ. ნიშან-თვისებებს და ადგენს მწვანე ნარგავებში ხეებისა და ბუჩქების გამოყენების პერსპექტივას;
ეკონომიკური დ. განსაზღვრავს ეკონ. მნიშვნელობის (სამასალე, ნაყოფის მომცემი, სამკურნ., თაფლოვანი, ეთერზეთოვანი, მთრიმლავი და სხვ.) მერქნიან მცენარეთა სასარგებლო თვისებებს და იძლევა მათი კულტივირების დასაბუთებას. მერქნიან მცენარეებს (ადგილ. თუ შემოტანილი სახეობები და ფორმები) შეისწავლიან როგორც მათი ბუნებრივი გავრცელების პირობებში, ისე ბოტან. ბაღებსა და დენდრარიუმებში. შესწავლის შედეგებს იყენებენ ტყეების აღდგენა-გაშენებებისა და ქალაქების გამწვანებისას.
პირველი ცნობები მერქნიან მცენარეთა შესახებ, რ-ებიც შორეულ წარსულს განეკუთვნება, მათ საკვებად გამოყენებას ეხება. მუდმივ საცხოვრ. ადგილას დასახლებისთანავე ადამიანმა ხელი მიჰყო საკვები მცენარეების, მ. შ. ხეებისა და ბუჩქების, მოშენებას. ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ ბაღებს. მცენარეთა კლასიფიკაციის პირველი ცდა ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოსსა და ბუნებისმეტყველს თეოფრასტეს (ძვ. წ. IV ს.).
მან მცენარეები დაყო ხეებად, ბუჩქებად, ნახევარბუჩქებად და ბალახებად. მ. შ. გამოყო მარადმწვანე და ყოველწლიურად ფოთოლმცვივანი მცენარეები. შუა საუკუნეებში გაჩნდა სამონასტრო სამონასტრო ბაღები, ბოტან. ბაღების წინამორბედები. მერქნიან მცენარეთა შესახებ ცნობები ქვეყნდებოდა ჯერ კიდევ XVIII და XIX სს-ში.
საქართველოში მერქნიან მცენარეთა შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძვ. ქართ. ხელნაწერებში არის ცნობები საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ხეებისა და ბუჩქების შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) „საქართველოს სამეფოს აღწერაში" მოცემულია მრავალმხრივი ინფორმაცია საქართვ. მცენარეული სამყაროს, მ. შ. მერქნიანი, ველური და კულტ. მცენარეების შესახებ. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში ტყის მერქნიანი მცენარეების შესწავლას დიდი ამაგი დასდეს პირველმა ქართვ. მეტყევემკვლევარებმა – ა. გამრეკელმა და ს. ქურდიანმა. 900-იანი წწ. დასაწყისში ს. ქურდიანმა პეტერბ. სხვადასხვა ჟურნალში დასტამბა სტატიები საქართვ. მერქნიანი მცენარეებისა და ტყეების შესახებ.
1921 მისივე თაოსნობით თბილ. სახელმწ. უნ-ტის აგრონ. ფაკ-ტთან შეიქმნა სატყეო განყ-ბა, სადაც პირველად იქნა შემოღებული დ-ის ქართ. ენაზე სწავლება, ხოლო 1922 ქართ. ენაზე გამოცემული ს. ქურდიანის „„სატყეო ენციკლოპედია" დ-ის პირველ ქართ. სახელმძღვანელოდ ითვლება. 1931 დაისტამბა ამ წიგნის შესწორებული და შევსებული გამოცემა „დენდროლოგიის" სახელწოდებით, ხოლო შემდეგ მისმა მოწაფეებმა ვ. მირზაშვილმა და ი. ლ. აბაშიძემ დ-ის სახელმძღვანელოები გამოაქვეყნეს ორ წიგნად ქართ. ენაზე. სატყეო განყ-ბის ბაზაზე დაარსდა სას.- სამ. და სატყეო-ტექ. ინ-ტები, სადაც დ-ის კათედრებს 1937-მდე განაგებდა ს. ქურდიანი (1937-იდან სას.-სამ. ინ-ტის დ-ის კათედრას ხელმძღვანელობდა ი. აბაშიძე), დ-ის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში დენდროლოგიური პარკების გაშენებამ.
ჯერ კიდევ 30-იანი წწ. დასაწყისში ს. ქურდიანმა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საფუძველი ჩაუყარა დენდრარიუმს, სადაც მიმდინარეობდა კვლევითი მუშაობა მერქნიან მცენარეთა აკლიმატიზაციასა და სელექციაში. თბილ. სამთომეტყევეობის ინ-ტის თაოსნობით დენდროლოგიური პარკები გაშენდა ოჩამჩირის სატყეო-საცდელ სადგურში (აქ თავმოყრილი იყო ძირითადად ინტროდუცირებულ ხემცენარეთა 350-მდე სახეობა) და თბილისის ზღვასთან (იხ. თბილისის დენდროლოგიური პარკი). დენდროლოგიური კვლევა განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა თბილ. სატყეო ინტის დაარსების (1945) შემდეგ, სადაც სწავლობენ მცენარეთა გავრცელების კანონზომიერებებს, ბიოეკოლოგიას და სხვ. მერქნიან მცენარეთა შესწავლას დიდად უწყობს ხელს სას.-სამ. ინ-ტის დენდროლოგიური მუზეუმი, სადაც გამოფენილია მრავალი ადგილ. და შემოტანილი მერქნიანი მცენარის ნიმუში. ცალკეულ მერქნიან მცენარეთა ბიოლ., ეკოლ., აგრეთვე მეტყევეობის საკითხები და დენდროლოგიური გამოკვლევების შედეგები ქვეყნდება როგორც საქართვ. მეცნ. აკად. ბოტან. ინ-ტის მიერ გამოცემულ „საქართველოს ფლორაში" (I გამოც., 1941–52; II გამოც., 1970-იდან), ისე სამთომეტყევეობის ინ-ტის შრომათა კრებულებსა და სხვადასხვა სპეც. გამოცემაში. საქართვ. სამთომეტყევეობის ინ-ტმა, ვ. გულისაშვილის საერთო რედაქციით, რუს. ენაზე გამოაქვეყნა ექვსტომიანი „კავკასიის დენდროფლორა" (1959–86). თბილისის, ბათუმის და სხვ. დენდროპარკებში იკვლევენ როგორც ადგილ., ისე უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ხეებისა და ბუჩქების ბიოეკოლოგიის, ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის საკითხებს. თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში (დენდროპარკებში), თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, გაშენებულია მცენარეთა კოლექციები, როგორიცაა: კავკასიის ფლორის, სამედიცინო მცენარეების, საქართველოს იშვიათი, გადაშენებადი, ენდემური და რელიქტური, ბალახოვან ყვავილოვან-დეკორატიულ მცენარეთა კოლექციები. ხეებისა და ბუჩქების კოლექციებიდან აღსანიშნავია: ხმელთაშუაზღვისპირეთის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეების, წიწვოვანი ხეების, კოლხეთის ტყეების, საქართვ. ნათელი ტყეების, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთიაპონიის და ევროპის ქვეყნების კოლექციები.
დ. სარაჯიშვილი
მ. ლორია