დერმატოლოგია, (ბერძნ. derma, dermat (os) – კანი; logos – სიტყვა, მოძღვრება), კლინიკური მედიცინის ნაწილი, რ-იც შეისწავლის კანის აგებულებას ნორმასა და პათოლოგიაში.
თანამედროვე დ. სწავლობს კანის დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პროფილაქტიკას. აგრეთვე კანის დაავადებათა ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის პრაღის მე-11 კონგრესის 2002 წლის მემორანდუმით დადგინდა დ-ის ქვედისციპლინები: ანდროლოგია, ფლებოლოგია, მიკოლოგია, ჰისტოპათოლოგია, ალერგოლოგია, იმუნოლოგია, პედიატრიული დერმატოლოგია, დერმატოლოგიური ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა, კოსმეტოლოგია. კანის დაავადებების კვლევის კლინ. მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ჰისტოლოგიური, მიკრობიოლოგიური ვირუსოლოგიური, ბიოქიმიური, ჰისტოქიმიური, ელექტრონულ-მიკროსკოპული, ექსპერიმენტული, სტატისტიკური და სხვა მეთოდები.
დ. მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ დარგებთან, როგორიცაა: ვენეროლოგია, ინფექციური დაავადებები, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, მეანობა, გინეკოლოგია, ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ოფთალმოლოგია და სხვ. კანის დაავადებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ისინი აღწერილია ჩინურ მანუსკრიპტებში და ეგვიპტურ პაპირუსებში, სადაც ჩამოთვლილია მათი სხვადასხვა სახეობა და მოყვანილია მკურნალობის მეთოდები. ჰიპოკრატემ (ძვ. წ. V–IV სს.) აღწერა კანის მრავალი დაავადება და მათი გამომწვევი მიზეზი, რომაელმა ექიმმა ა. ცელსიუსმა (ძვ. წ. I ს.) კი – კანის მთელი რიგი დაავადებები: კარბუნკული, ფლეგმონა, წვეტიანი კონდილომები, წითელი ქარი, სიკოზი, ფსორიაზი და სხვ. რომაელმა ექიმმა კ. გალენოსმა (129–201) დაიწყო კანის აგებულების შესწავლა;
X–XI საუკუნეებში მოღვაწე ექიმმა და ფილოსოფოსმა ავიცენამ წიგნში „კანონე მედიცინი" შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა მედიცინაში არსებული იმდროინდელი ცნობები (ბერძნული, ჩინური და ინდური). მასში აღწერილია პემფიგუსი, ჭინჭარა, იმპეტიგინოზური ეგზემა, ქავანა. იტალიელმა ექიმმა ი. მერკურიალისმა პირველმა (1572) დასტამბა კანის სნეულებათა სახელმძღვანელო; მ. მალპიგიმ (XVI ს.) შეისწავლა კანის შრეები; ა. ფატერმა (XVIII ს.) კანში აღმოაჩინა ნერვული დაბოლოებები.
მეცნიერული დ-ის საწყისად XVIII ს. ითვლება. ეს არის ემპირიულად დაგროვებული მასალის სისტემაში მოყვანის პირველი მცდელობა. 1760 ფრანგმა დერმატოლოგმა ფ. ბ. დე სოვაჟმა გამოსცა წიგნი, სადაც კანის დაავადებები დაყოფილია 5 ძირითად ჯგუფად და 39 სახედ. 1776 ავსტრიელმა ექიმმა ი. პლენკმა (ვენა) წიგნში „Doctrina de morbis Cutaneis" დერმატოზები მორფოლოგიური ნიშნით დაყო 14 ჯგუფად. 1777 ა. ლორი თავის წიგნში „Tractatus de morbis Cutaneis" ეხება კანის ფიზიოლოგიას, პათოლოგიას; კანის დაავადებებს იხილავდა ორგანიზმთან მთლიანობაში.
დ., როგორც დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XVIII ს. ბოლოს და XIX ს. დასაწყისში. რუსეთში დ-ის ფუძემდებელი იყო ა. პოლოტებნოვი, რ-იც კანის დაავადებებს განიხილავდა შინაგან ორგანოებსა და ნერვულ სისტემასთან კავშირში. ა. პოსპელოვმა 1861 დააარსა მოსკოვის დერმატოვენეროლოგიური საზ-ბა, შეადგინა კანის დაავადებათა პირველი სახელმძღვანელო.
საქართველოში ცნობები კანის დაავადებათა შესახებ უძველესი დროიდან გვხვდება. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში" (V ს.) აღწერილია მუნი, სირსველი, მჭამელი, კეთრი. ფეოდ. ხანის სამედ.-ფილოს. ტრაქტატებში [ს. ქანანელის „უსწორო კარაბიდინი" (XI ს.) და ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ" (XIII ს.)] განხილულია კანის სხვადასხვა დაავადება (მ. შ. – სოკოვანი) და მათი მოვლის საკითხები. ამავე ხასიათისაა ზაზა ფანასკერტელ -ციციშვილის „სამკურნალო წიგნი" (XV ს.), დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი" (XVI ს.) და სხვ.
1869 დაარსდა კავკასიის სამედ. საზ-ბა. იმ დროისათვის ეს იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რ-საც ევალებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. XX ს. დასაწყისში საქართველოში არსებობდა ერთადერთი სპეციალიზებული დაწესებულება – „თბილისის ქალთა სიფილისის საავადმყოფო". საქართველოში კანის დაავადებათა მეცნ. კვლევა დაიწყო XX ს. დასაწყისში. თსუ-ის სამედ. ფაკ-ტთან კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრა გაიხსნა 1920 ქალაქის მესამე (ვენერული) საავადმყოფოს ბაზაზე (კათედრის გამგე – პროფ. გრ. მუხაძე ; 1922 – მედ. მეცნ. დოქტორი ი. ღულაძე; 1925 – პროფ. ვ. ბურგსდორფი; 1931 – დოც. ალ. ჯავრიშვილი; 1932 – პროფ. პ. ბუაჩიძე; 1969 – პროფ. დ. საყვარელიძე, 1999-იდან – პროფ. ა. კაციტაძე). კანისა და ვენსნეულებათა პირველი დისპანსერი თბილისში 1925 გაიხსნა, ხოლო 1928 უკვე არსებობდა 12 ვენდისპანსერი და 2 სტაციონარი. 1928 თბილისში გაიმართა საქართვ. დერმატოლოგ-ვენეროლოგთა I კონფერენცია, რ-მაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში კანის გადამდებ და ვენდაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1935 თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინ-ტში გაიხსნა კანისა და ვენსნეულებათა მეორე კათედრა, რ-საც 1947-მდე შეთავსებით განაგებდა პროფ. პ. ბუაჩიძე, 1947–74 – პროფ. გ. ფხალაძე, 1974–81 – დოც. გ. სარალიძე, 1981–2001 – პროფ. რ. ჩუბინიძე, 2001-იდან განაგებს მედ. მეცნ. კანდ. მ. თევზაძე. 1935 წ. 3 ნოემბერს თბილისის კანისა და ვენსნეულებათა ინ-ტის ბაზაზე დაარსდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი; დირექტორად დაინიშნა ექიმი ვ. იაშვილი, შემდგომ ინ-ტს ხელმძღვანელობდნენ: მედ. მეცნ. კანდ. ს. მაჭავარიანი, პროფ. ი. შველიძე, პროფ. ლ. შეწირული (1970–89), მედ. მეცნ. კანდ. ბ. ჩლაიძე (1989–2000). 2000-იდან სტრუქტურაში მოხდა ცვლილებები: სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე გახდა ბ. ჩლაიძე (2000–04), 2004-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს პროფ. გ. გალდავა.
1946 ჩამოყალიბდა საქართვ. დერმატოლოგ-ვენეროლოგთა საზ-ბა, რ-საც ჰქონდა სამი ფილიალი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). 2004 გ. გალდავას, ა. კაციტაძის და მ. თევზაძის მიერ დაფუძნდა თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზ-ბა (თავ-რე – გ. გალდავა), რ-ის მიზანს წარმოადგენდა თბილ. დერმატო-ვენერ. სამსახურის გაუმჯობესება, დერმატო-ვენეროლოგთა პროფესიული დონის ამაღლება, კანის და სქესობრივი გზით დაავადებათა პრევენციასა და მკურნალობაში საერთაშ. სტანდარტების დამკვიდრება და სხვ.
2006-იდან საზ-ბას ეწოდა საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია, რ-იც აქტიურად არის ჩაბმული საერთაშ. კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში. საქართველოში დ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ა. დიასამიძემ, მ. ბერიძემ, ა. ჯავრიშვილმა, პ. ბუაჩიძემ, ს. მაჭავარიანმა, ი. თოფურიძემ, პ. მგალობლიშვილმა, გ. ფხალაძემ, ა. ვართაპეტოვმა, დ. საყვარელიძემ, ი. შველიძემ, ლ. ფირცხალავამ, დ. ჭოჭუამ, ლ. შეწირულმა და სხვ.