დეში (Desy) მორიც (1851–1917), უნგრელი მოგზაურ-მკვლევარი, ალპინისტი, უნგრეთის მეცნ. აკად. წევრი, უნგრეთის გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი.
XIX ს. 80-იან წლებში იმოგზაურა ალპებში, ბალკანეთის ნ.-კ-ის ქვეყნებში, ჩრდ. აფრიკაში, შპიცბერგენსა და ჰიმალაიში. დიდი წვლილი მიუძღვის კავკ. მაღალმთიანი რ-ნების შესწავლაში.
1884–1902 მან 7-ჯერ იმოგზაურა კავკასიაში. მოიარა საქართველო (აფხაზეთი, სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი), ოსეთი, ბალყარეთი, ყარაჩაი, ჩაჩნეთი, დაღესტანი; იმოგზაურა კავკასიონის ცენტრ. ნაწილის გაყოლებით, ავიდა ასმაშზე, ქომიტოზე, მყინვარწვერზე, იალბუზზე, თეთნულდზე (დ. ფრეშფილდთან ერთად) და სხვა მწვერვალებზე. მშვენიერ ფოტოსურათებთან ერთად, რ-ებიც მან კავკ. სხვადასხვა კუთხეში გადაიღო, შეაგროვა მდიდარი ბოტან. და მინერალოგიური კოლექციები.
1905–07 ბერლინში გამოიცა დ-ს 3-ტომიანი ილუსტრირებული ნაშრომი „კავკასია" (გერმ. და უნგრულ ენებზე). იგი უხვ ცნობებს იძლევა კავკასიონის, კერძოდ, დას. კავკასიონის მყინვარებზე, რ-ებიც XIX ს. ბოლომდე ნაკლებად იყო შესწავლილი. ნაშრომს ერთვის კავკასიონის რუკა (მასშტაბი 1:400000). დ-მ იალბუზის მყინვარზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ კავკასიონის მყინვარები, ისევე როგორც ალპებისა, უკანდახევას განიცდიან. ეს შეხედულება საფუძვლად დაედო კავკ. მყინვართა შემდგომ კვლევას და მთლიანად დადასტურდა.
თხზ.: Kaukasus. Reisen und Forschungen im Kaukasischen Hochgebirge, Bd. 2, B., 1906.
ე. ლოლუა