დვალეთი, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში (ამჟამად ჩრდ. ოსეთშია).
1859 ცარიზმმა დ. თბილ. გუბერნიას ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. დ., როგორც საქართვ. უკიდურესი ჩრდ. მოსაზღვრე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით და მათ შორის მიმოსვლა (შიდა ქართლისა და რაჭის გავლით) ზამთარშიც კი არ წყდებოდა.
შიდა ქართლიდან დ-ში (დვალთგორაზე) მთავარი გადასასვლელი იყო ზეკარა, ჩრდ. კავკასიას კი დ. უკავშირდებოდა მხოლოდ ერთი გადასასვლელით – კასრის კარით, რ-იც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში (სამ-ოთხ თვეს) ფუნქციონირებდა. ჩრდ. კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართ. წყაროებში „გზა დვალეთისა" ეწოდებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, დ. წარმოადგენდა ექვსი ხევის – თემის (კასრისხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა) ერთობლიობას.
დღევანდელი ნომენკლატურით დ. მოიცავს ჩრდ. ოსეთის მდინარეების – არდონის, ფიაგდონისა და გიზელდონის – აუზების ზემო ნაწილებს. შეცდომით დ-ს მიათვლიან მდ. თერგის სათავეს – თრუსოსა და მდ. დიდი ლიახვის სათავეს – მაღრან-დვალეთს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორ პროვინციაშიც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა დვალების მიგრაცია. თრუსო ისტ. წანარეთის ერთი ნაწილია. ისევე როგორც შიდა ქართლის მთიანეთის სხვა ხეობებში, დ-შიც ქრისტიანობა ადრიდანვე (VI ს-იდან) გავრცელდა და ნიქოზის ეპარქიაში (სამწყსოში) შედიოდა.
ერთიანი საქართვ. სამეფოს დაშლის შემდეგ ქართვ. ხელის უფალთა გავლენა დ-ზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდ. კავკასიის მთიან ხეობებში ჩაკეტილმა ოსებმა და დ-ზე ხშირი თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილ. ქართვ. მოსახლეობა – დვალები – მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართვ. სხვადასხვა პროვინციაში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დ-ში ძირითადად XVI ს-ში განხორციელდა; ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნ. სამყაროს გავლენით გაოსდა.
ერთიანი საქართვ. სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) დ. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დ-ს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგ., XVII ს. დასაწყისში დ-ის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რ-იც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. მოგვიანებით დ-ის ზოგიერთი ხევი რაჭის ერისთავთა გამგებლობაში გადასულა.
XVIII ს. ბოლოს მხოლოდ ზახა და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში, მაღლა დვალეთი, ჟღელე (იოანე ბაგრატიონის მიხედვით – „ჯღერე"), ლესრე, თებე, ლეთა, კასარა და სხვა პატარა სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ვარაუდობენ, რომ დ-ში დასახლებული ოსები ქართლის სამეფო კარის მორჩილებაზე ხანდახან უარს ამბობდნენ, მაგრამ ქართვ. მეფეები მაინც ახერხებდნენ მათ დამორჩილებას. მაგ., დ-ში განსახლებული ოსების წინააღმდეგ ძალა გამოუყენებია მეფე ვახტანგ VI-ს. მან 1711 ჯართან ერთად შემოიარა ეს კუთხე: „ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული" (ვახუშტი).
ოს ისტორიკოსებს აქვთ ტენდენცია და სურვილი დ-ად მიიჩნიონ საბჭ. პერიოდის ე. წ. სამხრ. ოსეთის ტერიტორია, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრანდვალეთის რეგიონი (თემი), რ-იც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X–XI სს. შემდეგ) დ-იდან დვალების გადმოსახლების შედეგად.
დ-იდან გამოსულ ქართვ. მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI ს. სას. პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. დ-ში ქართ. მატერ. კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რ-თაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო „კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი"; ზრამაგაში იყო „ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი" (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა.
დ. წარსულში, ისევე როგორც საქართვ. მთის სხვა პროვინციები, კოშკებით იყო დაფარული.
წყარო: ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძის და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986.
ლიტ.: თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, თბ., 1998 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 12).
რ. თოფჩიშვილი