დვირის ციხე, ციხესიმაგრის ნანგრევები სოფ. დვირის (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) დასავლეთით, მტკვრის მარჯვ. ნაპირის გორაზე.
ციხე ორ იარუსად ყოფილა განლაგებული. კედლების წყობა შერეულია: არის მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვების რეგულ. მწკრივები და მოგვიანებით გადაკეთების კვალიც – ნაგლეჯი ქვების ნარევი წყობა. ციხის ზოგიერთ ნაწილში ჩანს მცირე ნაგებობათა კვალი. ქვედა იარუსის კედელი ფართო ღიობით მტკვარს გადაჰყურებს, შესაძლოა აქ ხის აივანიც იყო.
წერილობით წყაროებში ეს ციხე არ იხსენიება, მაგრამ ის, რომ აქ გამავალი მნიშვნელოვანი გზის მაკონტროლებელი სიმაგრე იყო, ამას ნათელყოფს XX ს. 20-იან წლებში დვირში აღმოჩენილი XI ს. ბიზანტ. მონეტების განძი. მაშასადამე, დვირი იყო ერთ-ერთი დაწინაურებული პუნქტი აღმ. საქართველოდან სამხრ. საქართველოს გავლით ბიზანტიაში მიმავალ გზაზე.
ციხის მახლობლად არის ნახიდურის ბურჯები მტკვარზე, მცირე ნასოფლარი და ორნავიანი ეკლესია – საკვირიკე, რ-იც IX–X სს. მიჯნაზეა აგებული. ეს ნასოფლარი ახლა სოფ. დვირის ტერიტორიაზეა, ადრე ცალკე სოფელი ყოფილა: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (1595) დვირი მოხსენიებულია როგორც სოფელი, საკვირიკე კი – როგორც ნასოფლარი.
ლიტ.: ხ ო შ ტ ა რ ი ა დ., X ს. სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირეს მიდამოებში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1986, № 3; ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958; А б р а м и ш в и л и Т., Клад монет из Двири, «Византийский временник», 1961, ტ. 18.
დ. ბერძენიშვილი