დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა, (ბერძნ. diagnōstikos გამოცნობის უნარის მქონე), კლინიკური მედიცინის დარგი. შეისწავლის დიაგნოზის დადგენის მეთოდებს;

დ. ემყარება ავადმყოფის ყოველმხრივ და სისტემ. შესწავლას და მოიცავს: ანამნეზის შეკრებას; სხეულის გამოკვლევის ფიზიკურ მეთოდებს – პალპაციასა და პერკუსიას, აუსკულტაციას, მხედველობისა და სმენის შეფასებას, ნევროლოგიურ გამოკვლევას, ბიოქიმიურ (სისხლის, შარდის, სხვა ბიოლოგიური მასალის) ანალიზს, ელექტროდიაგნისტიკურ (ელექტროკარდიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ჰოლტერმონიტორირება, ტრანსეზოფაგური, ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა, ველოერგომეტრია, ტრედმილტესტი) გამოკვლევას, რადიოიმუნურ, იმუნოფერმენტულ, რადიოლოგიურ (რენტგენოლოგიური, რადიოიზოტოპური, კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული, პოზიტრონულ- ემისიური ტომოგრაფია, კორონაროგრაფია), ულტრაბგერით, დოპლერ-ულტრაბგერით გამოკვლევებს; ბიოფსიას, მორფოლოგიურ (სინათლის და ელექტრონულ მიკროსკოპიას, იმუნოჰისტოქიმიურ) გამოკვლევას; ენდოსკოპიას; ბაქტერიოლოგიურ, სეროლოგიურ, იმუნოლოგიურ გამოკვლევებს, პოლიმერაზულ-ჯაჭვურ რეაქციას და სხვ.

დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ დიფერენციულ დიაგნოზს, რ-ის დროსაც სხვადასხვა დაავადებების კლინ. და ლაბორ.-ინსტრუმენტული მონაცემების შედარებითი ანალიზისა და გამორიცხვის საფუძველზე ხდება საბოლოო დიაგნოზის დასმა. ძირითადი დაავადების დიაგნოზის დადგენის გარდა, არკვევენ მის გამომწვევ მიზეზებს (თუ ეს შესაძლებელია), ადგენენ თანმხლებ დაავადებებს და გართულებებს, განსაზღვრავენ, თუ რა ხარისხით არის დარღვეული ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ორგანოების მდგომარეობა (ფუნქციური დ.), ითვალისწინებენ ავადმყოფის ორგანიზმის ცალკეული სისტემებისა და ორგანოების ფიზიოლ. თავისებურებებს. ადრეული და ზუსტი დიაგნოზი რაციონალური და ეფექტური მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა და შესაძლებელს ხდის დაავადების პროგრესირების შენელებას ან თავიდან აცილებას.

საქართველოში კლინ. დიაგნოსტიკას საფუძველი 1919-იდან დაედო, როცა თსუ-ის სამკურნალო ფაკ-ტზე დაარსდა შინაგანი დაავადებების დიაგნოსტიკის კათედრა. კათედრის პირველი გამგე იყო ა. ალადაშვილი. შემდგომში კათედრის ხელმძღვანელები იყვნენ: მ. წინამძღვრიშვილი, შ. მიქელაძე, ნ. მახვილაძე, გ. დიდებულიძე, ვ.ანდღულაძე, შ. გუგეშაშვილი, თ. დიდებულიძე.

1935-იდან თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის დიაგნოსტიკის კათედრა შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრად გადაკეთდა. ამჟამად, კათედრას ხელმძღვანელობს – თბილ. სახელმწიფო სამედიცინო უნ-ტის პროფ. რ. თაბუკაშვილი.

გ. სიმონია