დიაკონი

დიაკონი, (ბერძნ. diakonos – მსახური), მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მესამე და ყველაზე დაბალი ხარისხი.

დ-ის ძირითადი მოვალეობაა წირვის დროს ეპისკოპოსისა და მღვდლების თანამსახურება. პირველი დ-ების ხელდასხმა თვით მოციქულებმა აღასრულეს, რაც აღწერილია „ახალ აღთქმაში" („საქმე მოციქულთა", თავი VI).

ცნობილია პირველი დ-ების სახელები: სტეფანე, ფილიპე, პროხორონ, ნიკანორ, ტიმონა, პარმენ და ნიკოლაოზ ანტიოქიელი. ადრეული ქრისტიანობის ხანაში დ. ეკლესიის სამეურნ. და საქველმოქმედო საქმიანობას უძღვებოდა. მოგვიანებით ეპარქიის მართვაში მღვდელმთავრის თანაშემწის ფუნქცია დაეკისრა.

შავი სამღვდელოების წარმომადგენელ დ-ს იეროდიაკონი ანუ ბერდიაკონი ეწოდება. დ-ის ხარისხის საპატიო წოდებებია არქიდიაკონი და პროტოდიაკონი. დ-ები არასაღმრთისმსახურო პერიოდში ატარებენ კაბას, ანაფორასა და სკუფიას, ხოლო ღმრთისმსახურებისას – სტიქარს, სამაჯურებსა და ოლარს. დიაკონისადმი მიმართვის ფორმაა „მამაო".

ვ. კობახიძე