დედას ლევანა

დედას ლევანა

დედას ლევანა, (ნამდვ. სახელი და გვარი – ლევან ივანეს ძე ა ს ა ბ ა შ ვ ი ლი) (1856, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 1934, იქვე), სახალხო მომღერალი, ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი.

ჰქონდა ფართო დიაპაზონის, ძლიერი, მოქნილი, მომხიბლავი ტენორი. სხვა ჭარმაგ მომღერლებთან [ოსტატი ალექსა (ალექსი ელოშვილი), ლაზარე კოკილაშვილი, მიხა ავგაროზაშვილი, მიხო ჯიღაური] ერთად დიდი ოსტატობით ასრულებდა კახური სიმღერების კლასიკურ ნიმუშებს („ჩაკრულო", „ხეურო", „გუშინ შვიდნი გურჯანელნი", „სუფრული", „შავლეგო", „ბერიკაცი", „მაყრულები", განსაკუთრებით „გრძელი მრავალჟამიერი").

1908 ზ. ფალიაშვილმა იმოგზაურა კახეთში, კერძოდ სოფ. შილდაში, სადაც მოისმინა და ჩაიწერა დ. ლ-სა და მისი მეგობრების მიერ შესრულებული 15 სიმღერა. დ. ლ-თან მეგობრობდნენ ტ. ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი. სწორედ ამ უკანასკნელის ინიციატივითა და მეცადინეობით მოეწყო 1927 დ. ლ-ს საჯარო გამოსვლა შილდელ მომღერლებთან ერთად თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე (კონცერტის მოწყობაში აქტ. მონაწილეობა მიუღია ს. ახმეტელს).

ლიტ.: მ ხ ა რ გ რ ძ ე ლ ი  ს., დედას ლევანა, «საბჭოთა ხელოვნება», 1963, №1.

გ. ჩხიკვაძე