დედოფალა

დედოფალა

დედოფალა, (Mustela nivalis), ძუძუმწოვარი ცხოველი მტაცებელთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. აფრიკაში, აზიის უდიდეს ნაწილში, ჩრდ. ამერიკაში და სხვ. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 3800 მ-მდე. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროში, შეშისა და ფიჩხების გროვაში, ქვანაყარში, ქვის ყორეში, ფესვებში, შენობათა ნანგრევებში, ნაპრალებში. მისი სხეულის სიგრძე აღწევს 13–28 სმ, კუდი – 1,3–4 სმ (იშვიათად 8 სმ), სხეულის მასა 30–250 გ. ზაფხულში ბეწვი მუქი წაბლისფერია.

ბეწვს იცვლის შემოდგომაზე. ზამთარში ზოგს თეთრი ბეწვი აქვს (ბეწვი მდარე ხარისხისაა). დ-ს ძირითადი საკვებია პატარპატარა მღრღნელები, გარეული და შინაური ფრინველები, ამფიბიები ქვეწარმავლები. იშვიათად – მწერები. მძუნაობს ადრე გაზაფხულზე. მაკეობა ორ თვემდე გრძელდება. შობს 4–9 ნაშიერს. ნაშიერები გვხვდებიან მაისიდან იანვ-მდე. გვარში 17 ქვესახეობაა, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დიდი კავკასიური დ. (M. n. dinniki), ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, და მცირე  კავკასიური დ. (M. n. caucasica), ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება.

დ-ს სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.

გ. ენუქიძე