დიაკონოვი იგორ მიხეილის ძე

დიაკონოვი იგორ მიხეილის ძე (12. I. 1915, პეტროგრადი, – 2. V. 1999, იქვე), რუსი აღმოსავლეთმცოდნე. ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ენების, ისტორიის, რელიგიის, კულტურის მკვლევარი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1959). რუს. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სანქტ- პეტერბურგის განყ-ბის მთ. მეცნ. თანამშრომელი, პროფესორი. სამეფო აზიური საზ-ბის საპატიო წევრი (ინგლისი, 1962), აშშ-ის აღმოსავლეთის საზ-ბის საპატიო წევრი (1973), საფრანგეთის აზიური საზ-ბის საპატიო წევრი (1976), ბრიტანეთის აკად. საპატიო წ.-კორ. (1975). მრავალი საერთაშ. კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე. ავტორი მონოგრაფიებისა და სამეცნ. სტატიებისა. დ-ის ნაშრომთა ნაწილი ეხება ძველაღმოსავლურ (შუმერულ, აქადურ, ხურიტულ, ხათურ, ურარტულ და სხვ.) ენებს, მათ დამოკიდებულებას სხვა ენებისადმი (მ. შ. ქართულისადმი), ძველაღმოსავლურ საზ-ბათა სოც.-ეკონ. წყობას, რ-იც, დ-ის აზრით, მონათმფლობელური იყო, რელიგ. და კულტ. ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი რუს. თარგმანები ხამურაბის კანონებისა, გილგამეშის ეპოსისა და ა. შ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართვ. მეცნიერებთან.

თხზ.: Древнего Двуречья. Шумер, М., 1959; Урартские письма и документы, М.– Л., 1963; Языки древней Передней Азии, М., 1967; Архаические мифы Востока и Запада, М., 1990; Afrasian languages, M., 1988; Hurro-Urartian as an Eastern Caucasian language, Műnch., 1986 (Tanaavt S. Starostin).

გ. გიორგაძე