დიალექტიკური ლოგიკა, მარქსიზმის რუსული (ლენინური) ინტერპრეტაციის გავლენის არეალში არსებული მოძღვრება აზრის მოძრაობა-განვითარების ობიექტური, აუცილებელი, ზოგადი ლოგიკური ფორმების შესახებ, რ-იც სრულად აისახება ლოგიკურის კატეგორიებსა და მათ კავშირებში.
დ. ლ-ის მიხედვით აზრთა ლოგიკური კავშირი დიალექტიკურია. დიალექტ.-ლოგიკური არის: 1. სინთეზურ-ლოგიკური, შინაგანი შეფარდებითი უარყოფის შემცველი განსხვავებულთა კავშირი, სადაც უარყოფა ქმნის უარმყოფელისა და უარსაყოფელის ლოგიკურ ერთიანობას; 2. შინაარსეული ზოგადი; სინთეზურ-ლოგიკურში ზოგადის როლს ასრულებს ერთიანობა, რ-ის უარყოფა მასვე ადგენს. დ. ლ. სრულად ვლინდება კატეგორიალური ლოგიკურის დონეზე.
დ. ლ. შეისწავლის მხოლოდ ლოგიკურის კატეგორიებს (იგივეობა, აუცილებლობა, მსჯელობა, დასკვნა და ა. შ.) და მათ მიმართებებს; 3. ლოგიკურად რეფლექსური, სადაც თვითუარყოფით თვითდადგენა ხდება; 4. უსასრულო ლოგიკური; იგი მომენტად შეიცავს „ორმნიშვნელიანობას" („უარყოფით დიალექტიკურს"), რ-საც ხსნის „სამმნიშვნელიანობა" (დადებით დიალექტიკური, სასრულ კერძოთა სრული ლოგიკური გაშუალების შედეგი); 5. დაპირისპირებულთა ერთიანობა, რ-საც ქმნის სრული სასრული კერძოების ლოგიკური დადგენა-უარყოფა; 6. დიალექტიკურის, გნოსეოლოგიურისა და ლოგიკურის იგივეობა. ლოგიკურის კატეგორია არის აზრის ისეთი შინაარსი, რ-იც პიროვნების ევოლუციური განვითარების ხანგრძლივ პროცესში უსასრულო განმეორების საფუძველზე იქცა აზროვნების საყრდენ პუნქტად, აზრის ლოგიკურ ფორმად. მას ამის გამო აზრის შინაარსეულ ფორმას უწოდებენ. ლოგიკურის დიალექტიკურობა სრულად ვლინდება უსასრულო დასკვნაში, ეს დასკვნა კი თვითდადგენაა თვითუარყოფით.
მისი ცალმხრივი ელემენტებია მსჯელობა, უშუალო, სასრული შუალობითი, ძირეული დასკვნები და ცნება. უსასრულო დასკვნა დასაბუთებაცაა და დასაბუთების საწყისიც მისი არსების, პრინციპის აზრით და გამოხატავს ლოგიკურის ბუნებას. ფილოს. ისტორიაში ასეთი ლოგიკურის ბუნების შესახებ ბჭობდნენ პლატონი, არისტოტელე, რ. დეკარტი, ი. კანტი, ი. ფიხტე, ფ. შელინგი, გ. ვ. ჰეგელი, ე. ჰუსერლი, ნ. ჰარტმანი და სხვ. არსებობს დ. ლ-ის პრინციპების ორი ძირითადი ინტერპრეტაცია: 1. დ. ლ. არის მარქსიზმის შემეცნების თეორია; ლოგიკური კავშირის დიალექტიკურობა შეუძლებელია; 2. დ. ლ. ლოგიკური კავშირის არსებაა და შეადგენს აზრის ლოგიკური ფორმების შინაარსს.
იგი სრულად გამოიხატება ძირეული დასკვნით, რ-იც კატეგორიის საწინააღმდეგოს დაშვების შეუძლებლობით მიიღება (ლ. გოკიელი). დ. ლ-ის გამოხატვის ლოგიკური ფორმა უსასრულო დასკვნაა, რ-იც ლოგიკური კატეგორიის მომენტების სრული ლოგიკური გაშუალების, დადგენა-უარყოფის პროდუქტია; მის უარყოფით-დიალექტ. მომენტს გამოხატავს ძირეული დასკვნა (ს. წერეთელი) . დიალექტ.-ლოგიკური ზოგადკატეგორიალური ბუნებისაა და ვლინდება კატეგორიათა კავშირის ისეთი ფორმებით, როგორიცაა გადასვლა, წრებრუნვა (რეფლექსია), განვითარება, კოორდინაცია, პოლარიზაცია, სუბორდინაცია (გ. ბაჩულაშვილი, მ. ბაკურია).
ლიტ.: ბ ა კ უ რ ი ა მ., დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1984; ბ ა ქ რ ა ძ ე კ., ლოგიკა, თბ., 1955; ბ ა ჩ უ ლ ა შ ვ ი ლ ი გ., კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბ., 1979; წ ე რ ე თ ე ლ ი ს., ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბ., 1956; მ ი ს ი ვ ე, დასაბუთების საწყისი, თბ., 1963; მ ი ს ი ვ ე, დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1965 (რუს. ენაზე – 1971); Г о к и е л и Л. П., Логика, т.1–2, Тб., 1965.
მ. ბაკურია