დიალექტოლოგია, (ბერძნ. dialektos – ლაპარაკი, თქმა, კილო, დიალექტი და logos – სიტყვა, მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის დიალექტურ მეტყველებასა და დიალექტებს. იგი შეიძლება იყოს აღწერითი ან ისტორიული.
ა ღ წ ე რ ი თ ი დ. სწავლობს საერთო სახალხო ენას მის სივრცით განფენილობაში. ნებისმიერი თანამედროვე ეროვნული ენა არის რთული ერთიანობა, მოიცავს სახესხვაობათა მთელ კომპლექსს – სალიტ. ენას სოც. და სტილური, დიალექტურ მეტყველებას კი – ტერიტ. ვარიანტებით. სწორედ ეს ტერიტ. და სოც. ვარიანტები მათ ინდივიდუალობასა და ერთიანობაში არის დ-ის შესწავლის ძირითადი ობიექტი.
დ., როგორც მეცნ. დისციპლინა, ჩაისახა ეთნოგრაფიის წიაღში და გამოიკვეთა ხალხის სულიერი და მატერ. კულტურის შესწავლასთან ერთად. ადგილ. ენობრივი თავისებურებებიც განიხილებოდა როგორც ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა ეთნოგრ. ნიშნები. როგორც ენათმეცნ. დისციპლინა, დ. ჩამოყალიბდა XIX ს. შუა წლებისათვის და გაღრმავდა საუკუნის ბოლოსა და XX ს. დასაწყისში.
დ-ის განვითარებასთან ერთად იცვლება და სრულყოფილი ხდება მისი კვლევის გზები და მეთოდები. თავდაპირველად დ. შეისწავლიდა მეტყველების ცალკეულ, ძირითადად ლექსიკურ, თავისებურებებს, შემდეგ კი ენის ტერიტ. თავისებურებებს მისი სტრუქტურის ყველა დონეზე, მაგრამ ეს მიდგომა მაინც ატომისტური იყო – ენობრივი მოვლენები განიხილებოდა და შეისწავლებოდა იზოლირებულად, საერთო სისტემისაგან მოწყვეტით, რაც იმდროინდელი ლინგვისტიკის ზოგადი დამახასიათებელი ნიშანი იყო. XIX ს. ბოლოსთვის დიალექტოლოგიურ კვლევაში შემოვიდა კარტოგრაფირების მეთოდი – ცალკეულ ენობრივ მოვლენათა გადატანა გეოგრ. რუკებზე ერთი ენის (ზოგჯერ მონათესავე ენების) გავრცელების მთელ ტერიტორიაზე და ერთგვაროვანი ენობრივი მოვლენების შეერთება ხაზებით – ი ზ ო გ ლ ო ს ე ბ ი თ, შემდეგ კი მათი თავმოყრა კრებულებად ატლასის სახით. დაინერგა აღწერითი დ-ის ახ. მიმართულება – ლინგვისტური გეოგრაფია, რ-იც გაბატონებულ მიმართულებად დამკვიდრდა. XX ს. II ნახ-იდან ამერიკის ლინგვისტურ წრეებში (უ. ვაინრაიხი) დაინერგა კიდევ ერთი დ ი ა ს ი ს ტ ე მ უ რ ი მეთოდი.
ი ს ტ ო რ ი უ ლ ი დ. სწავლობს დიალექტური მეტყველების სტრუქტურას ისტ. პერსპექტივაში – ენობრივ თავისებურებათა წარმოშობის მიზეზებს, იზოგლოსების დროით და ტერიტ. ასპექტებს, დიალექტურ ერთეულთა ჩამოყალიბების პირობებს და დიალექტებისაგან ახლო მონათესავე ენების წარმოშობას.
ა ღ წ ე რ ი თ ი და ისტ. დ-ის გარდა, გამოყოფენ აგრეთვე ს ო ც ი ა ლ უ რ დ-ს, რ-იც შეისწავლის სოც.-კლასობრივ, პროფესიულ, ასაკობრივ, სქესთა და სხვ. ნიშნების მიხედვით მეტყველების დიფერენციაციას. სოც. დ-ის საგანია აგრეთვე ჟარგონული მეტყველებაც, რ-ის თავისებურებებიც ძირითადად ლექსიკით, იშვიათად ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება. დ. ცდილობს ცნება „დიალექტის" ცალსახა, არაწინააღმდეგობრივი დეფინიციისა და იმ კრიტერიუმის დადგენას, რ-ითაც მოხერხდება ენისა და დიალექტის გამიჯვნა: სად თავდება დიალექტი და სად იწყება ენა?
ითვლება, რომ ქართ. დ. ჩაისახა XX ს. დასაწყისში, თუმცა ფრაგმენტული ცნობები ქართ. დიალექტების შესახებ XVII ს. 80-იანი წლებიდან მოგვეპოვება. თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ მესხეთში ჩაიწერა ორი ქართ. ზღაპარი, რაც პირველ დიალექტოლოგიურ ჩანაწერად ითვლება. ცალკეული დიალექტოლოგიური ცნობები გვხვდება ს.-ს. ორბელიანთან (XVIII ს. დასაწყისი), ვახუშტი ბატონიშვილთან, მ. ბროსესთან (1834), გ. როზენთან (1846), რ. ერკერტთან (1895).
ქართ. ენის დიალექტების სისტემატური მეცნ. შესწავლა XX ს. 10-იანი წლებიდან დაიწყო. 1911 ნ. მარმა გამოაქვეყნა იმერხეული ტექსტები მოკლე ფონეტ.-გრამატ. მიმოხილვითურთ; გამოქვეყნდა მ. ჯანაშვილის შრომა საინგილოს შესახებ (1911–19); ამავე პერიოდში ქართ. დიალექტების აქტ. შესწავლა დაიწყეს ა. შანიძემ („ქართული კილოები მთაში", 1915) და ვ. ბერიძემ. ოციანი წლებიდან უკვე ფართოდ გაიშალა დიალექტოლოგიური მუშაობა, რ-შიც ებმებიან ქართვ. ენათმეცნიერთა უფროსი თაობის წარმომადგენლები: ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია და მათი მოწაფეების მთელი პლეადა. დიალექტოლოგიური კვლევის ორ ძირითად ცენტრთან (თსუ-ის ქართ. ენის კათედრა და ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბა) ერთად მუშაობდნენ საქართვ. სხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართ. ენის კათედრებიც.
საქართველოში დიალექტოლოგიური კვლევა მიმდინარეობს ეთნოგრ. კუთხეებისა და გეოგრ. რეგიონების მიხედვით. შეკრებილი ტექსტობრივი და ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური მასალის საფუძველზე აღიწერება დიალექტის ყველა დონის ენობრივი თავისებურებანი; მზადდება და გამოიცემა მონოგრაფიები თითოეული დიალექტის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შესწავლილია ქართ. ენის ყველა დიალექტი, გამოქვეყნებულია ტექსტობრივი და ლექსიკური მასალები. ამ მასალების საფუძველზე გამოქვეყნებულია მონოგრაფიები: „გურული კილო" (ს. ჟღენტი, 1936); „ხევსურულის თავისებურებანი" (ა. ჭინჭარაული, 1960); „თუშური კილო" (თ. უთურგაიძე, 1960); „ქართული ენის კახური დიალექტი" (ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი, 1956); „ქართული ენის მოხევური დიალექტი" (ი. ქავთარაძე, 1982); „ფშავური დიალექტი" (გ. ცოცანიძე, 1978); „აჭარული დიალექტი" (შ. ნიჟარაძე, 1971); „ჩვენებურების ქართული" (შ. ფუტკარაძე, 1985) და სხვ.
გამოცემულია განმაზოგადებელი შრომები: ქართული დიალექტოლოგია (ბ. ჯორბენაძე, I, II 1989, 1997), ქართველურ ენათა დიალექტები (მისივე, 1995). ლინგვისტური ატლასის შესაქმნელად შედგენილია კითხვარი, ეწყობა ექსპედიციები სათანადო მასალების მოსაპოვებლად.
ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე თ., მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი გ., სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965; გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი ი., თ ო ფ უ რ ი ა ვ., ქ ა ვ თ ა რ ა ძ ე ი., ქართული დიალექტოლოგია, I. ქართული ენის კილოთა მოკლე განხილვა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ., 1961; თ ო ფ უ რ ი ა ვ., ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები, კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები », III, თბ., 1963; ძ ი ძ ი გ უ რ ი შ., ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ., 1970; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ბ., ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1989; Л е р н е р К. Б., Социальная природа языка и процесс языкового взаимодействия, Тб., 1989.
გ. ცოცანიძე