დეზურა (Delphinium), მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა.
მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ თათისებრ განკვეთილი ფოთლები და ლურჯი, ცისფერი, იისფერი, იშვიათად მოყვითალო ყვავილები, რ-ებიც შეკრებილია საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებად.
ყვავილსაფრის ზედა ფოთოლი დეზიანია, ნაყოფი – ფოთლურა. გვარში 300-ზე მეტი სახეობაა;
გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, აგრეთვე ტროპ. აფრიკის მთებში.
საქართველოში 18 სახეობაა, მ. შ. ელისაბედის დ. (D. elisabethae) საქართვ. ენდემია, ხოლო სამი (კავკასიური დ. – D. caucasicum, შესანიშნავი დ. –D. speciosum; ნაზი დ. – D. bracteosum) კავკასიის ენდემი.
დ-ს უმეტესობა მთის სახეობებია; იზრდება მაღალბალახეულობაში, სუბალპ. ტყეებში, ტყეების პირებზე, მდელოებზე, აგრეთვე, ღორღიან და ქვიან ადგილებზე. ზოგ სახეობას, რ-იც ალკალიდებს შეიცავს, იყენებენ მედიცინაში, ზოგს – საღებავად, ზოგიც თაფლოვანია.
რ. გაგნიძე