დიასამიძეები

დიასამიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოში.

წერილობით წყაროებში 1443-იდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელო ჰქონდათ ჩრდ.-აღმ. სამცხეში. XVI ს. დასაწყისში დაეუფლნენ თავდაპირველად აბუსერისძეთა მამულს მტბევარის სამწყსოში, შემდეგ – ხურსიძეთა მამულს ღობიეთს – წურწყაბლის სამწყსოში. XVI ს. I ნახევარში დ-ის სახლი მხარს უჭერდა და ქართლის მეფეთა მხარეს იბრძოდა სამცხე-საათაბაგოს ქართლთან შეერთებისათვის.

1548 დ-ისა და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I-მა დაიპყრო ჯავახეთი და მდ. მტკვრის აღმ. მხარე. საპასუხოდ 1553 ირან. შაჰი თამაზ I თავს დაესხა დ-ს და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576–78 დ. აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578, ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დ-ის სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI–XVIII სს-ში დ-ის გვარიდან იყვნენ ქართლის კათოლიკოსები, მცხეთის ბოქაულთუხუცესები, ჯვრის მონასტრის წინამძღვრები და სხვ.; კახეთში – ბოდბელები. XVII ს. 30-იან წლებში დ-მა მონაწილეობა მიიღეს ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; წგ. 3, თბ., 1967; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3–4, თბ., 1970–72.

შ. ლომსაძე