დიაუხი

დ ი ა ო ხ ი, დ ა ი ა ე ნ ი, ადრინდელი სახელმწიფო გაერთიანება ძვ. წ. XII–VIII სს-ში სამხრეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

ამ სახელწოდებიდან მომდინარეობს საქართვ. ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, ტაოს სახელი [დიაო(ხი) > ტჲაო(ხი) > ტაო].

ძვ. წ. XII ს. ბოლოს დ. მოთავეობდა ევფრატის ზემოთში მცხოვრები ტომების დიდ გაერთიანებას, რ-იც ასურელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ძვ. წ. IX ს-ში დ-ის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო ურარტუმ. ურარტუს მეფეებმა – მენუამ და არგიშთი I-მა – მრავალგზის დაამარცხეს და ბოლოს გაანადგურეს დ. (ძვ. წ. IX ს. ბოლო – VIII ს. დასაწყ.). დ-ში განვითარებული ყოფილა ლითონების (განსაკუთრებით სპილენძის, აგრეთვე ოქრო-ვერცხლის) მოპოვება-დამუშავება და მესაქონლეობა.

ცნობილი არიან დ-ის მეფეები სიენი (ძვ. წ. XII ს. ბოლო), ასია (ძვ. წ. IX ს. შუა წლები), უტუფურსი (ძვ. წ. IX–VIII სს. მიჯნა).

დ-ის მკვიდრთა შთამომავლობას ძვ. წ. V ს. დასასრ. ბერძენი მწერალი ქსენოფონტი ტაოხების სახელწოდებით იხსენიებს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; М е л и к и ш в и л и  Г. А., Урартские клинообразные надписи, М., 1960.

გ. მელიქიშვილი