დიდგორის ბრძოლა 1121

დიდგორის ბრძოლა 1121, ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით სელჩუკიან თურქთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

XII ს. დამდეგს სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებული სახელმწიფოებრივი რეფორმების შედეგად ფეოდ. საქართველო გაძლიერდა. დავით აღმაშენებელი მკაცრად გაუსწორდა შინაურ მტრებს, სამეფო ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ დიდგვაროვან ფეოდალებს, შემდეგ კი საქართველოში მოკალათებულ სელჩუკიან თურქთა განდევნასა და ქვეყნის შემომტკიცებას მიჰყო ხელი.

1099 მათ ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ქართვ. ხალხმა ბრძოლით დაიბრუნა ზედაზენი (1103), სამშვილდე (1110), რუსთავი (1115), გიში (1117), ლორე (1118), საქართვ. შემოუერთა ჰერეთი და კახეთი (1104).

საქართვ. სამეფო კარმა ფართო მასშტაბის ენერგიული ღონისძიებების გატარების შემდეგ (ლაშქრის კარდინალური რეორგანიზაცია, ყივჩაყთა ჩამოსახლება და მუდმივი რეგულარული ჯარის შექმნა) აქტ. ბრძოლის ტაქტიკა აირჩია. 1120-იდან დავით აღმაშენებელმა საბრძოლო მოქმედება საქართვ. ფარგლებს გარეთ (ბორტია, ყაბალა, აშორნია, ბარდავი, ხუნანი და სხვ.) გადაიტანა.

ქართველებმა განდევნეს სელჩუკიანი დამპყრობლები არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. საქართველოსთან ერთად სელჩუკიანი თურქები ამიერკავკასიაში და საერთოდ მახლობელი აღმოსავლეთის სხვა დაპყრობილ ქვეყნებშიც კარგავდნენ პირველობას. ამიტომ მათ წინაშე წამოიჭრა საქართველოს გზიდან ჩამოცილების საკითხი. ძვ. ისტორიკოსთა (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, მათეოს ურჰაეცი, აჰმად ალფარიკი) მოწმობით, საქართველოდან განდევნილმა სელჩუკიანმა თურქებმა და თბილისის, დმანისისა და განძის მმართველთა წარმომადგენლებმა სხვა მუსლიმან მფლობელებს მიმართეს დახმარებისათვის. მუსლიმანთა გაერთ. ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და ხელმძღვანელი ჩანს ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე (1117–31) როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვამცნობს, მაჰმუდმა მუსლიმანებს მიმართა, „სადაღაცა ვინ იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა" მონაწილეობა მიეღო საქართველოსთან ომში.

საომრად შეიკრიბნენ აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი პირები. კოალიციურ ლაშქარს სულთნის სახელით სათავეში ჩაუდგა ანტიჯვაროსნული ომის მთავარსარდალი, ბაღდადის გამგებელი ნაჯმ ად-დინ ილღაზი, რ-იც სელჩუკ მფლობელთა შორის უძლიერესი, „ზვიადი და ძლიერი" (მათეოს ურჰაეცი), ამასთან „დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე" იყო. 1121 აგვ. პირველ ნახევარში მუსლიმანთა ურიცხვი ლაშქარი „ვითარცა ქვიშა ზღვისა" თრიალეთ-მანგლისსა და დიდგორში განლაგდა და ხელთ იგდო ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მისადგომი.

თრიალეთისა და დიდგორის შეკრების ადგილად შერჩევა არ იყო შემთხვევითი. აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისისაკენ. დიდგორი თბილისის ერთ-ერთი კარი იყო, საიდანაც მცხეთის შემოვლით შეიძლებოდა შიდა ქართლში შესვლა. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, სელჩუკიან თურქთა კოალიციური ჯარი 300 000 მეომრისაგან შედგებოდა (ფრანგი ისტორიკოსი გოტიე 600 000 ასახელებს) და ბევრად აღემატებოდა საქართველოს ლაშქარს. მათეოს ურჰაეცის ცნობით, ქართველთა ლაშქარში შედიოდა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაყი, 500 ალანი და 100 „ფრანგი" (ე. ი. ევროპელი) მეომარი.

დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართვ. ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. როგორც გოტიე წერს, დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, სადაც მტერი აპირებდა გავლას. ბრძოლის წინ მეფეს სიტყვით მიუმართავს ლაშქრისათვის. დაბანაკებულ ქართველთა ლაშქარს ხევის ვიწრო შესასვლელი ხეთა ხორგებით შეუკრავს და თავისთვის უკანდასახევი ერთადერთი გზაც გადაუკეტავს. მებრძოლებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისთვის ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება.

დ. ბ. 1121 წ. 12 აგვ. დაწყებულა. ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელმა ტაქტიკურ ხერხს მიმართა: როცა ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად გამწკრივდა, საქართვ. მხედრობას 200 ცხენოსანი გამოეყო და მტრის რაზმისაკენ გაიჭრა. მუსლიმანთა ლაშქრის სარდლობას ისინი მეფის მოღალატეები ეგონა და დაუბრკოლებლად შეუშვა თავის განლაგებაში. მოულოდნელად მხედრებმა იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომრებს დაერივნენ; გაბედულმა ხერხმა მტერი დააბნია და საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის მთავარი ძალა დავით აღმაშენებლის სარდლობით ნიჩბისის ხევით დას-იდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირში საომრად დაწყობილ ლაშქარს ეკვეთა. მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ბრძოლის ველს ზურგი შეაქცია. თვით დაჭრილმა ილღაზმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. 8 დღე სდიეს ქართველებმა გაქცეულ მტერს, სელჩუკიან თურქთა დამარცხებულმა ჯარმა დიდი ზარალი ნახა.

ბუნებრივია, დ. ბ-მ საქართვ. მოლაშქრეც ბევრი შეიწირა, მაგრამ ეს მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით ისე მცირე ყოფილა, რომ არც ერთი ისტორიკოსი ამაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აცხადებს, რომ საქართვ. მეფემ „თავისნი სპანი დაიცვნა უვნებლად". ამ გამარჯვებას მან „ძლევაი საკვირველი" უწოდა. გამარჯვებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დავით აღმაშენებლის გააზრებულ მოქმედებას, სწორ სტრატეგიულ ჩანაფიქრსა და ტაქტიკური სიახლეების გამოყენებას. სელჩუკიანთა დამარცხებას ხელი შეუწყო დიდგორ-მანგლისის მიდამოების სწორად გამოყენებამ. მუსლ. კოალიციის ძალები ადგილის სივიწროვის გამო ვრცელ ტერიტორიაზე (თრიალეთიდან მანგლისამდე) გაიშალნენ, მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა ვერ მოახერხა საბრძოლო წყობად შეკვრა. შეცდომები დაუშვა მტრის ლაშქრის სარდლობამაც. იგი თავისი ლაშქრის სიმრავლის გამო ზედმეტად თავდაჯერებული და გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. დავით აღმაშენებელმა მტერს არ მისცა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება.

დ. ბ-ში ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ 1122 დავით აღმაშენებელმა საქართვ. სამეფოს თბილისი შემოუერთა და სატახტო ქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. დ. ბ. და თბილისის შემოერთება – უდიდესი ისტ. მნიშვნელობის მოვლენა – არსებითად ერთგვარი დასასრული იყო იმ მრავალწლიანი სამართლიანი ომებისა, რ-თა გადატანა მოუხდა საქართველოს XI ს. მიწურულსა და XII ს. პირველ მეოთხედში.

დ. ბ-ში გამარჯვებამ ბოლო მოუღო სელჩუკიან თურქთა ბატონობას საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, დაამტკიცა ქართ. ფეოდ. საზ-ბის სოც.-ეკონ. წყობისა და პოლიტ. სისტემის უპირატესობა, მისი პროგრესულობა და სიცოცხლისუნარიანობა იმ ძალებთან შედარებით, რ-ებიც წინ აღუდგნენ მის შემდგომ ზრდასა და განმტკიცებას.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: მ ე ს ხ ი ა  შ., ძლევაი საკვირველი, თბ., 1972; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990; ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი  ქ., შ ა ი შ მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  ი., დიდგორის ბრძოლა, თბ., 1973.

რ. მეტრეველი