დეკორატიული მცენარეები

დეკორატიული მცენარეები, (ლათ. decoro – ვრთავ, ვალამაზებ), ხელოვნურად გამოყვანილი თუ ბუნებაში არსებული მერქნიანი ხე-ბუჩქების და ბალახოვან მცენარეთა ჯგუფი, რ-ებიც გამოიყენება გამწვანების დარგში (ლანდშაფტური არქიტექტურა, დეკორ. მებაღეობა, ფიტოდიზაინი) და სახალხო მეურნეობაში (კულინარია, სამკურნ. მედიცინა, პარფიუმერია და სხვა).

კულტ. და ველური მერქნიანი ხეები, ბუჩქები და ბალახოვანი მცენარეები გამოირჩევიან დეკორატიულობით, რითაც განპირობებულია მათი გარეგანი ნიშანთვისებები ღეროს და ტოტების აგებულება, ფორმა, აღნაგობა, შეფერადება, ყვავილობა, ნაყოფმსხმოიარობა და ასაკი. ამ ბიოლ. თავისებურებით მცენარეულობა დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად: ხემერქნიანები, ბუჩქები, წყალმცენარეები, მრავალწლიანები, ორწლიანები, ერთწლიანები, მაღალი და დაბალბალახოვანი მცენარეები. დ. მ-ის ვარჯის მრავალსახოვანი ფორმები მხატვრული ეფექტების შექმნის დამატებით საშუალებას იძლევა საბაღო-საპარკო კომპოზიციებში. ეს მცენარეული ფორმებია: პირამიდული, სფერული, ქოლგისებრი, მტირალა, ჯუჯა, გართხმული და ა. შ. რეგულ. სტილის ბაღ-პარკებში გამოიყენება დ. მ. ვარჯის სწორი, გეომ. მოყვანილობით; მათ ეს ფორმა ბუნებრივად აქვთ თანდაყოლილი და ხელოვნურ ფორმირებას ნაკლებად მოითხოვენ. ამ ჯგუფს ეკუთვნის: უთხოვარი, ტუია, კვიდო (ლიგუსტრუმი), ბზა და სხვა. ამავე დანიშნულებით გამოდგება სქელი და ხშირფოთლიანი ბუჩქნარი: სპირეა (გრაკლა), აბელია, თოვლის გუნდა და სხვა. ხე-ბუჩქები იყოფა ფოთლოვანებად და წიწვოვანებად, ბიოლ. თვისებით – ფოთოლმცვივანებად და მარადმწვანეებად. მათ დეკორატიულობას განსაზღვრავს ფოთლების შეფერადება, რ-იც ცვალებადობს გაზაფხულიდან ზამთრის პირველი ყინვების დადგომამდე. დ. მ. ვარჯის მოყვანილობით სხვადასხვა სიდიდის (ჯუჯა, საშუალო და ტანმაღალი) მცენარეებად იყოფა.

გაშლილი და მაღალი ვარჯით ხასიათდება: მუხა, ჭადარი, ვერხვი, კედარი, ფიჭვი, იფანი, მაგნოლია. ეს მცენარეები გვხვდება ბაღ-პარკებში, სკვერებში, გამოიყენება ხეივნების შესაქმნელად, ტყე-პარკებში დიდი მასივებისა და ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად.

ხემერქნიანი მცენარეები გამოიყენება ცალკეულად მდგომი (სილიტერი), როგორიცაა: ვერცხლისფერი ნაძვი, პირამიდული უთხოვარი, კვიპაროსი, საბაღო კედარი, ციკასი, გართხმული ღვია და სხვა. ვერტიკალური გამწვანებისათვის – სურო, კატაბარდა, ვაზი სამქაცვიანი, ტეკომა, გლიცინია და სხვ. დ. მ-ის ბუჩქებს იყენებენ ბაღპარკებში, სკვერებში, ტყე-პარკებსა და გამწვანების სხვა ელემენტებში, ასევე ფერდობებზე – ეროზიული ჩამონაშლების შესაკავებლად – ქვის ბაღებში, გორაკებზე, ხეივნებში და ა.შ. პერსპექტიული ჯიშებია: გრაკლა, კოწახური, ბროწეული, ჩიტავაშლა, ქაცვი, იასამანი, ძახველი, იაპ. ნეკერჩხალი და სხვა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი ყვავილოვანი მცენარეები ფართოდ გამოიყენება საბაღო პერსპექტივების და გახსნილი მოცულობითი ხედების შესაქმნელად. მრავალწლოვანი ყვავილნარები (გაშენებული ჯგუფებად და ცალკეული ლაქების სახით) დამკვიდრებულია ბაღპარკების თუ გარემო ბუნების კომპოზიციებში. ყვავილების ფორმა და ფერთა შეხამება ჰარმონიული თანაფარდობით ერწყმის შემოგარენის კომპონენტებს (ლანდშაფტი, შენობა- ნაგებობა, მცირე არქიტ. ფორმები, ხე-ბუჩქები), სადაც იგრძნობა ეფექტური დეკორ. დინამიკა წელიწადის თუ სეზონური მონაკვეთების მკვეთრი ცვალებადობით. ამ ჯიშებს და სახეობებს შორის გამოირჩევა: ვარდი, იორდასალამი, მიხაკი, ხმალა, ასტრა, ზამბახი, წყალიკრეფია, შროშანი, ფლოქსი. ორწლოვანი დეკორატიული ყვავილების (ია სამფერი, კესანე, ზიზილა, ლომის ყბა, ალისუმი, მიხაკი თურქული, მაჩიტა, ყაყაჩო) სავეგეტაციო პერიოდი 2 წელია. პირველ წელს ვითარდება ვეგეტაციური ნაწილები (ფოთოლი, კვირტები), მეორე წელს – ყვავილები და თესლი. ზოგიერთი მათგანი ყვავილობას აგრძელებს მესამე წელსაც, თუმცა ყვავილები მცირდება და დეკორატიულობა ქვეითდება. ორწლოვანები თესლით მრავლდებიან ღია და დახურული გრუნტის პირობებში.

ერთწლოვანი მცენარეები ეწოდება ყვავილოვანთა ჯგუფს, რ-ებიც გასაფორმებელ დეკორ. ნაკვეთში იმყოფებიან ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მათ ამრავლებენ ყოველ წელს ღია ან დახურულ (სათბური) გრუნტში. გამოიყენება გამწვანების ცალკეულ ფრაგმენტებად, ბორდიურებში ან ფართო ლაქებად. ეფექტურია ქვის ბაღებში და ორნამენტულ ყვავილნარებში. ველურ სახეობებთან მრავლადაა მათი საბაღო ფორმები: ია სამფერი, ვერბენა, პეტუნია, ალისუმი, ხავერდულა, ციცინო და სხვა, ეფექტურია რაბატის, კლუმბის, არშიის გასაფორმებლად და თაიგულების ორანჟირებისთვის. ტენიანი და დაჭაობებული ადგილების გასამწვანებლად იყენებენ გვიმრას, აუზების გასაფორმებლად – თეთრსა და ყვითელ დუმფარას, ბაღ-პარკების მოლის შესაქმნელად – ინგლისურ კოინდარს.

შ. ისაკაძე

{| class="wikitable" |

centerდიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora).

|

centerვერცხლისფერი ნაძვი (Picea pungens).

|

centerციკასი (Cycas revoluta).

|

centerიაპონური ნეკერჩხალი (Acer palmatum).

|}