დიდი თონეთი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, თბილისი–მანგლისის საავტ. გზაზე. თონეთის თემის ცენტრი (სოფლები: დ. თ., მოხისი, პატარა თონეთი). ზ. დ. 1280 მ, თეთრიწყაროდან 42 კმ. 715 მცხ. (2002).
1882–84 დ. თ-ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველა. დ. თ. პირველად მოხსენიებულია XVII ს. ისტ. წყაროებში როგორც სათვანეთი, სათონეთი, სათორნეთი, თორნეთი და თონეთი. დ. თ. ეწოდა XIX ს-ში, მას შემდეგ, რაც მის მეზობლად მდებარე სოფ. დვალთას პატარა თონეთი უწოდეს. დასახლებული ყოფილა წინაფეოდ. ხანიდან (გორანამოსახლარი, კერამ. ნაწარმი).
დ. თ. მოიცავს ხორბუკისა და მოლავის ნასოფლარების ტერიტორიებსაც. სოფლის მკვიდრი მოსახლ. გვერდით XIX ს-ში აქ ქართვ. მთიელი მოახალშენენიც დასახლდნენ.
სოფელში დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია (XVIII ს.), გადაკეთებულია ძვ. ეკლესიისგან. ნაგებია უხეშად დამუშავებული და ნატეხი ქვით. დასავლეთის კედელში ჩატანებულია კვეთილი გამოსახულებებით შემკული საფლავის ქვა. ამავე კედლის თავზე დადგმულია ოთხმალიანი კოშკისებური სამრეკლო. სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ-ზე, სიონის სახელობის ერთნავიანი ეკლესიაა, რ-საც სამხრიდან და დას-იდან მინაშენები ეკვრის. საბჯენი თაღები ინტერიერში კრონშტეინებს ეყრდნობა, მინაშენებში – პილასტრებს. შემონახულია XI ს. რამდენიმე წარწერა. შეიმჩნევა გვიანდ. გადაკეთების კვალიც. დ. თ-ის სამხრ.- დას-ით 500 მ-ზე ნასოფლარის კვალი და კვირაცხოვლის ეკლესიის (XI ს.) ნანგრევებია, ხოლო სამხრით 1 კმ-ზე – ღვთისმშობლის ეკლესია, რ-იც ჩუქურთმებიანი გვერფრაგმენტების მიხედვით XI–XIII სს. მიეკუთვნება.
თ. თოდრია
ი. ციციშვილი