დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125–56, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე.
მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა (1121) და შირვანის (1120–24) ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვება მისი დამსახურებაც იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ქ. ანისი (სომხეთი) ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო.
1138 დ. I-ის სარდლობით ქართველებმა განძა (ახლანდ. ქ. განჯა, აზერბაიჯანი) აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დ. I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება. ქალაქი კვლავ მაჰმადიანთა ხელში გადავიდა და დიდხანს დარჩა მათ საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
1130 დ. I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დ. I-ს უმცროსი ძე გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მამის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები – დავით დემეტრეს ძე და ივანე აბულეთის ძე. შემდგომ (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დ. I-მა ივანე აბულეთის ძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია.
1154 (1155) დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით, დ. I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა (იმეფა მხოლოდ 6 თვე).
დავითის გარდაცვალების შემდეგ დ. I-მა ბერის ჩოხა გაიხადა და ტახტი დაიბრუნა, თანაც შეამზადა პირობები თავისი უმცროსი ძის – გიორგის – გასამეფებლად.
მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების გამო დ. I-ის მეფობის დროს საქართვ. პოლიტ. ზრდა ერთგვარად შეფერხდა.
საყურადღებოა დ. I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დ. I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტ. სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი" დღესაც ცოცხალი პოეტური საგალობელია.
თხზ.: [წიგნში] ჩვენი საუნჯე, [ტ.] 1, თბ., 1960.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ლაშა-გიორგის- დროინდელი მემატიანე, ცხოვრება დემეტრე მეფისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, [წგ. 1], ტფ., 1892.
ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე მ., დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა, «მნათობი», 1962, №4; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტრია, ტ. 1, თბ., 1960; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, მეფე თამარი, თბ., 1991; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
რ. მეტრეველი