„დიდი თურქობა“

„დიდი  თურქობა“, ამ ტერმინით ცნობილია სელჩუკიან თურქთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI ს. 80-იან წლებში.

მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია საქართველოსა და ამიერკავკ. ქვეყნებზე. საქართვ. მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რ-ებიც სხვადასხვა მხრიდან სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს.

მეფე გიორგი II-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. სელჩუკიან თურქთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი. ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით.

სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით, „ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი". ეს იყო სელჩუკიან თურქთა დიდი შემოსევა (1080). ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. ასეთ ვითარებაში მწარმოებელი ფენა ინტენს. მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართვ. ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა.

გიორგი II ისპაანში ეახლა მალიქ-შაჰს და ყოველწლიური გადასახადი აღუთქვა (დაახლ. 1081–82). ამ გზით ქვეყანამ დროებით მოისვენა „ზედამარბეველთაგან". ასევე მოიქცა კახთა მეფე აღსართანიც, რ-იც სულთანს ეახლა, მორჩილება გამოუცხადა და ქრისტიანობა დათმო. მაგრამ სელჩუკები მაინც თავისუფლად დათარეშობდნენ მთელ საქართველოში – შემოდგომის დადგომისთანავე მთელი თავისი ავლა-დიდებით და საქონლით გაჩიანს ჩამოდგებოდნენ, თბილისიდან ბარდავამდე მთელი მტკვრის სანაპირო და ივრის პირის საუკეთესო საზამრთო საძოვრები ეჭირათ, ხოლო საზაფხულო საძოვრებზე სომხ. მთებში მიდიოდნენ. შინაომებმა, რ-საც სულთანიც უწყობდა ხელს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა. რუსთავი, დმანისი, სამშვილდე და სხვა ქალაქები მტრის ხელში გადავიდა. ასევე საქართვ. ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა ხორნაბუჯი, არადეთი, აგარანი, გავაზნი, გაგი და სხვა ციხეები.

სელჩუკიან თურქთა მომთაბარულ-მეჯოგური ექსტენსიური მეურნეობა უპირისპირდებოდა განვითარებული ფეოდ. ქვეყნის კულტ. ინტენს. მეურნეობას, ანგრევდა და ანადგურებდა ქალაქებს და დაცემის პირამდე მიჰყავდა საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა-ხელოსნობა.

დიდი მსხვერპლის ფასად ქართვ. ხალხმა მაინც შეძლო თავისი თვითმყოფობის, პროგრ. ფეოდ. მეურნეობის შენარჩუნება. სელჩუკიან თურქთა სოც.-პოლიტ. სისტემას მზარდი ქართ. ფეოდ. წყობილების საფუძვლები არ დაურღვევია.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

ნ. შენგელია