ეგნატე ანტიოქიელი

ეგნატე ანტიოქიელი (Ignatius ho Antiocheia) (I–III სს.), ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე. მისი ცხოვრებისა და მარტვილობის შესახებ ცნობებს გვაწვდიან ევსებუს კესარიელი, ნეტარი იერონიმე და სხვ. ე. ა. ქრისტიანული აღმსარებლობის გამო სხვა მორწმუნეებთან ერთად ანტიოქიაში შეიპყრეს, რომში გადაიყვანეს და იმპ. ტრაიანეს ზეობისას (95–117) მხეცებს დააგლეჯინეს. მსოფლიო ეკლესიის მიერ წმ. ეგნატეს ხსენების დღედ დაწესებულია 20 დეკემბერი. ეკლესიის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი საგანძურია ე. ა-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა. უკვე IV ს-ში ევსები კესარიელისთვის ცნობილი იყო 7 წერილი, რ-ებიც, მკვლევართა აზრით, უშუალოდ ე. ა-ს ეკუთვნის. ძვ. დროიდან ასევე ცნობილია წმ. ეგნატეს უფრო ვრცელი კრებული, რ-შიც 13 წერილია შესული. ე. ა-ს წერილები ძველთაგანვე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. არსებობს წერილების სირიული, კოპტური, სომხ. თარგმანები. ქართ. ენაზე მოგვეპოვება წმ. ეგნატეს ერთადერთი, გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი, რ-მაც დღემდე 6 ხელნაწერის სახით მოაღწია.