დიდი ოჯახი

დიდი ოჯახი, პ ა ტ რ ი ა რ ქ ა ლ უ რ ი ო ჯ ა ხ ი, გ ვ ა რ ო ვ ნ უ ლ ი ო ჯ ა ხ ი, გ ა უ ყ რ ე ლ ი ო ჯ ა ხ ი, ს ა ო ჯ ა ხ ო თ ე მ ი, ოჯახის ერთ-ერთი უძველესი ფორმა.

წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების დაშლის საფეხურზე. გვაროვნ. თემი (გვარი – გენსი), რ-იც ახლო ნათესავთა გაერთიანებას წარმოადგენდა, დაიშალა და ამის შემდეგ ძირითადად სოც.- ეკონ. უჯრედად – დ. ო-ად იქცა. გვარის დაშლა სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა დროს მოხდა. საქართველოში გვაროვნ. წყობილების დაშლა, კლასების აღმოცენება და სახელმწიფოს წარმოქმნა ქრისტ. წელთაღრიცხვამდე განხორციელდა. ამ დროიდან დ. ო-მა უმცირესი სოც.-ეკონ. ერთეულის ადგილი დაიჭირა.

ფეოდ. ეპოქის წერილობითი წყაროებისა და XIX–XX სს. ეთნოგრ. მასალის მიხედვით, ქართ. კლასობრივი საზ-ბისათვის დამახასიათებელი იყო დიდი და პატარა ოჯახების თანაარსებობა. მიმდინარეობდა დ. ო-ების დაშლა და უმთავრესად ორთაობიანი ინდივიდ. ოჯახების მატება. ყოველი სოც.-ეკონ. ფორმაციის ზემოქმედების შედეგად გაუყოფელი ოჯახი ტრანსფორმაციას განიცდიდა, რის გამოც XIX ს. ბოლომდე შემორჩენილ დ. ო-ს საოჯახო თემის ნიშნები შენარჩუნებული ჰქონდა სახეშეცვლილი ფორმით.

ქართული დ. ო-ის სტრუქტურა ყველაზე უფრო ნათლად ჩანს XIX ს. ეთნოგრ. მონაცემების მიხედვით. საქართვ. კუთხეების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ მრავალრიცხოვანი გაუყრელი ოჯახი აერთიანებდა 3–5 თაობას. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ ძმები, ბიძაშვილები, ძმათა შვილები, ბიძაშვილისშვილები, სხვადასხვა თაობის რძლები და გასათხოვარი ქალები. ზოგ შემთხვევაში ოჯახში იმყოფებოდა გარეშე პირიც – უპატრონო ნათესავი ან სახლისშვილი (მომსახურე).

დ. ო-ის საარსებო საშუალება იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, შინამრეწველობა, ხელოსნობა, ვაჭრობა თუ ქირით ტვირთის ზიდვა. საარსებო წყაროს ხვედრითი წილის საფუძველი კი კუთხის თუ სოფლის სამეურნ.- ეკონ. პირობები იყო. ამის შესაბამისად, ბარის მკვიდრთა საოჯახო მეურნეობაში წამყვან როლს ასრულებდა მიწათმოქმედება, ხოლო მთიელთა მეურნეობაში – მესაქონლეობა.

საოჯახო მეურნეობის თავისებურება განსაზღვრავდა შრომის ორგანიზაციის ხასიათსაც. რაც უფრო მრავალდარგოვანი იყო მეურნეობა, მით უფრო დიფერენცირებულ ხასიათს ატარებდა ფუნქციების განაწილება ოჯახის წევრებს შორის. ასაკისა და ცოდნა-გამოცდილების შესაბამისად, მამაკაცები ამუშავებდნენ მიწას, უვლიდნენ ბაღ-ვენახს, ამთაბარებდნენ საქონელს, მართავდნენ წისქვილს, ხელოსნობდნენ და ა. შ. საშინაო და საგარეო საქმიანობის კვალობაზე გამოყოფდნენ შინაკაცებსა და გარემხრის კაცებს. შრომა-საქმიანობის სპეციფიკის მიხედივთ ცნობილია აგრეთვე გუთნისდედა, მეხრე, თოხის კაცი, ცულის კაცი, მემთიური, მეცხვარე, სარქალი და ა. შ. მათ შორის ფუნქციების განაწილება და საოჯახო შრომის ორგანიზაცია ოჯახის უფროსის – უხუცესი და გონიერი მამაკაცის – უფლებამოსილება იყო. ასაკობრივი პრინციპი ირღვეოდა იმ შემთხვევაში, როდესაც უხუცესის უუნარობის გამო ოჯახის ხელმძღვანელობა ასაკით უმცროსს, მაგრამ ენერგიულ მამაკაცს დაეკისრებოდა.

ოჯახის უფროსის მეუღლე ან საოჯახო საქმიანობის ცოდნით გამორჩეული სხვა რომელიმე უფროსი რძალი ხელმძღვანელობდა ქალთა შრომასაქმიანობას, რ-ის განაწილებაც ასევე ასაკობრივი პრინციპით ხდებოდა: თუ პურის ცხობა საუფროსო საქმედ ითვლებოდა, წყლის მოტანა ყველაზე უმცროსი რძლის მოვალეობას შეადგენდა. საქართვ. ზოგ კუთხეში უფროსი ქალი მუდმივად დიასახლისის როლში იყო, ზოგან კი ეს ფუნქცია ყოველწლიური მორიგეობის წესს ექვემდებარებოდა.

მრავალთაობიანი და მრავალსულიანი ოჯახის ერთობის შენარჩუნების რეალურ საფუძველს შეადგენდა საოჯახო ეტიკეტის მტკიცედ დაცვა, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო უფროს-უმცროსობის ნორმებზე დამყარებული ურთიერთობის აუცილებლობით. მორიდება თავს იჩენდა სხვადასხვა თაობის მამაკაცებისა და ქალების ურთიერთობაში, მიმართვის ფორმებში, განსაკუთრებით კი მამამთილის, დედამთილისა და მაზლების მიმართ რძლების მოკრძალებულ დამოკიდებულებაში.

საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ამ მხრივ განსხვავებული ვითარება შეინიშნებოდა, მაგრამ ძვ. ქართ. ტრადიცია, რ-იც უფროს-უმცროსობის ნორმების შესრულებას გულისხმობდა, უფრო დიდხანს და მკაფიოდ შეინარჩუნეს ქართვ. მთიელებმა, რ-თა საოჯახო ცხოვრებაში უმძრახობა განსაკუთრებით რძალ-მამამთილს შორის თითქმის XIX ს. ბოლომდე სავალდებულო წესად ითვლებოდა.

გაუყოფელი ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება საკუთრების ფორმა იყო. არსებობდა საერთო-საოჯახო საკუთრება. ოჯახის არცერთი სრულწლოვანი მამაკაცი არ სარგებლობდა განკერძოებული საკუთრების უფლებით. სახლი, სამეურნ. ნაგებობანი, მამული თუ საქონელი ყველა წევრის საერთო საკუთრებას შეადგენდა. ქალებისათვის განკუთვნილი იყო მხოლოდ მეტ-ნაკლები ღირებულების მზითევი. აღნიშნული ნიშნების მატარებელი დიდი ქართ. ოჯახი სპორადული სახით არსებობდა XX ს. 20-იან წლებამდე. შემდეგ კი ინდივიდ. ოჯახებად ცხოვრების წესი დამკვიდრდა.

ლიტ.: ი თ ო ნ ი შ ვ ი ლ ი ვ., ცენტრალური კავკასიის მთიელების საოჯახო ყოფა, ნაწ. 1, თბ., 1969; მ ი ს ი ვ ე, მოხევეების საოჯახო ყოფა, თბ., 1970; მ ი ს ი ვ ე, ქართლის მთიელთა ყოფაცხოვრებიდან, თბ., 1974; ხ ა რ ა ძ ე რ., დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, თბ., 1939; მ ი ს ი ვ ე, Грузинская семейная община, ч.1–2, Тб., 1960–61.

ვ. ითონიშვილი