დიდი სერების გორასამარხი, ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასასრულის – II ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ნუკრიანთან (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).
გათხარეს 1975 (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). გორასამარხი დაზიანებული იყო (შემორჩენილი მიწაყრილის სიმაღლე – 1 მ, დიამეტრი – 20 მ). ცენტრ. ნაწილში 0,10 მ სიღრმეზე გამოვლინდა 2 მ სიგრძისა და 1,90 მ სიგანის ოთხკუთხა სამარხი, ორმო, რ-იც დამხრობილი იყო აღმ-იდან დას-კენ. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოხრილი, თავით–დასავლეთისკენ. მარცხ. ხელი ზურგისკენ ჰქონდა გაშვერილი. ორმოს ჩრდ.-აღმ. და სამხრ.-აღმ. კუთხეებში ეწყო მსხვილფეხა საქონლის თავის ქალები.
სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუნწმოტეხილი სატევარი, ოთხწახნაგა ისრისპირი, თეთრი კირქვის ლახტისთავი, თიხის ჭურჭელი (9 ც.), წვრილფეხა საქონლის ძვლები, სამეურნ. დანიშნულების 2 ქილა, 2 ქოთანი, კოჭობი, ცალყურა სასმისი და სხვ. მასალა ინახება ქ. სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ: П и ц х е л а у р и К. Н. и др., Краткий отчет кахетской археологической экспедиции в 1975 г., კრ.: Полевые археологические исследования в 1975 г., Тб., 1979.
რ. რუსიშვილი