დიდი სომხეთი, ძველი სომხეთის სახელმწიფო, მოიცავდა სომხ. ზეგანის ძირითად ნაწილს მდ. ევფრატის სათავეებში. ძვ. წ. 220 სელევკიდური სირიის მეფემ ანტიოქე III-მ დაიპყრო არარატის სამეფო მდ. ტიგროსის ზემო წელზე და ვანის ტბის გარშემო მდებარე ადრე დაპყრობილი სომხ. მიწები ერთ ადმ. ერთეულად გააერთიანა. ამ ოლქს ეწოდა დ. ს.; მის გამგებლად („სტრატეგოსად") ანტიოქე III-მ დანიშნა ადგილ. დიდკაცობის წარმომადგენელი არტაშეს I, რ-მაც ძვ. წ. 189 რომთან სელევკიდების დამარცხების შემდეგ დ. ს. დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა და სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას, დააარსა მისი ახ. დედაქალაქი არტაშატი.
არტაშეს I-მა მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გააფართოვა სამეფო; ქართლს ჩამოაჭრა 3 ოლქი: ქორზენე (კლარჯეთი), 425 გოგარენე (გუგარეთი) და პარიადრის მთიანეთი (პარხლის ანუ ლაზისტანის ქედი).
დ. ს-მა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია მეფე ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95–56) დროს. ტიგრანმა დაიპყრო სოფენა (წოფქი), ალბანეთის კუთვნილი რამდენიმე ოლქი, მიდიის ატროპატენა, სირია, ფინიკია, კილიკია და სხვ. მის დროს დ. ს-ის ტერიტ. კასპიის ზღვის სამხრ.-დას. სანაპიროდან ხმელთაშუა ზღვის აღმ. სანაპირომდე გადაიჭიმა. ტიგრანმა დააარსა ახ. დედაქალაქი ტიგრანაკერტი, მაგრამ ძვ. წ. I ს. 60-იან წლებში მოკავშირე პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორთან ერთად რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა.
ამის შემდეგ დ. ს. რომსა და პართიას შორის მუდმივი ქიშპობის ასპარეზად იქცა. ახ. წ. I ს. არტაშესიანთა დინასტია დაეცა. რომაელმა სარდალმა მარკუს ანტონიუსმა ტყვედ წაიყვანა უკანასკნელი მეფე არტავაზდი და სიკვდილით დასაჯა. დ. ს-ს მორიგეობით მართავდნენ რომისა და პართიის მიერ დანიშნული პირები.
ახ. წ. 30-იან წლებში რომის მოთხოვნითა და ხელშეწყობით დ. ს-ის ტახტი დაიკავა იბერიის მეფის ფარსმან I-ის ძმამ, მითრიდატე იბერიელმა. ქართლის ჯარებმა დაამარცხეს პართიის მეფის არტაბან III-ის ვაჟის ოროდის სამხ. ძალები. მითრიდატე მრავალი წლის მანძილზე წარმატებით მართავდა დ. ს-ს. 50-იან წლებში ფარსმან I-ის დახმარებით მისმა ვაჟმა რადამისტმა ღალატით მოკლა თავისი ბიძა და ტახტი დაისაკუთრა, მაგრამ მისი მმართველობით უკმაყოფილო სომხები აჯანყდნენ და რადამისტი გააძევეს. ამით ისარგებლა პართიამ და დ. ს-ს დაეპატრონა, სადაც პართელი არშაკიდები გამეფდნენ.
301 თრდატ III-მ დ. ს-ში ქრისტიანობა სახელმწ. რელიგიად გამოაცხადა. 387 დ. ს. გაიყვეს ბიზანტიამ და სასანიანთა ირანმა.
ლიტ.: История армянского народа, ч.1, Ер., 1951; Л о м о у р и Н. Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.
ნ. ლომოური
ლ.-ნ. ჯანაშია