დიდი სქიზმა, (ბერძნ. schisma, სიტყვასიტყვით – დაყოფა, გაყოფა), ქრისტიანული ეკლესიის გაყოფა კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებად.
გაყოფის ძირითადი მიზეზი იყო ზემდგომობისათვის ბრძოლა რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის. ამას ხელი შეუწყო დას. და აღმ. ეკლესიებს შორის ადრევე წარმოშობილმა განხეთქილებამ დოგმატიკის, ორგანიზაციისა და ლიტურგიკის საკითხების შესახებ.
დ. ს-ის თარიღად მიღებულია 1054 წ. 16 ივლისი. დ. ს-ს საფუძველი ჩაეყარა რომის იმპერიის გაყოფისთანავე, როცა IV ს. დასასრულს და V ს. დასაწყისში შეიქმნა ახ. რელიგ. ცენტრი – კონსტანტინოპოლი. უთანხმოებამ რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის თავი იჩინა დაახლ. 867 პაპ ნიკოლოზ I-ისა და პატრიარქ ფოტიოსის დროს (უმთავრესად ბულგარეთის ეკლესიაზე ზემდგომობის საკითხთან დაკავშირებით). დავა შეწყდა X ს. დასაწყისში, თუმცა უთანხმოება კვლავ გრძელდებოდა.
გაყოფის საბაბად იქცა კონფლიქტი რომის ეკლესიის კარდინალ უმბერტსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსს შორის სამხრ. იტალიის მიწების გამო – პაპის ბრძანებით იქიდან გააძევეს ბერძნები, რ-იც უარს ამბობდნენ რელიგ. ცხოვრების ლათ. წესზე. პასუხად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ლათ. ტიპის ეკლესიები დახურა.
1054 წ. 16 ივლ. პაპის ლეგატებმა წმ. სოფიოს ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბულა, რ-ის თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქს კერულარიოსს ბრალად ედებოდა მრავალი ერესი, კერძოდ მსოფლიო საეკლ. კრებების აბუჩად აგდება. ოთხი დღის შემდეგ შედგა საპასუხო კრება თორმეტი მიტროპოლიტის და რამდენიმე ეპისკოპოსის შემადგენლობით და ანათემა შეუთვალა პაპსა და მის მომხრეებს.
ამრიგად, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს, მოხდა დ. ს., თუმცა კავშირი აღმ. და დას. ეკლესიებს შორის ერთბაშად არ შეწყვეტილა.
სრული და საბოლოო გაყოფა მოხდა 1204, ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ.
შ. ცირეკიძე