დიდი სჯულისკანონი, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის კანონიკური კრებულის, ნომოკანონის (883 წ. რედაქცია) ქართული თარგმანი, რ-საც დამატებული ჰქონდა ქართ. საეკლ. სამართლის ნორმები.
იგი ბერძნულიდან ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა XI ს. ბოლოს ან XII ს. დასაწყისში.
დ. ს. სისტემურ-ქრონოლ. კრებულს წარმოადგენდა და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი იყო. დ. ს. შეიცავს მოციქულთა, მსოფლიო საეკლ. კრებათა და წმიდა მამათა კანონებს. გარდა ამისა, მას თან ერთვის ქართ. ორიგინ. კანონიკური მწერლობის ძეგლი რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა.
ქართ. ეკლესიისათვის დ. ს. ქართ. კანონიკური „ძეგლისწერითურთ" ერთიან მოქმედ სამართ. წიგნად იყო წარმოდგენილი. მან ხელი შეუწყო ქართ. საერო და ორიგინ. კანონიკური სამართ. განვითარებას, კანონიკური მწერლობის ჩამოყალიბებას ძვ. ქართული ლიტ-რის დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან დარგად.
დ. ს-ისა და მცირე სჯულისკანონის გავლენით ქართ. ფეოდ. სამართალმა მრავალი რთული და შინაარსით მდიდარი იურიდ. ცნება შეიმუშავა.
პუბლ.: დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძის, გ. ნინუას გამოც., თბ., 1975.
გ. ნადარეიშვილი