დიდი წერეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მღებრიანის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თხინალის (ტანის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1540 მ, გორიდან 48 კმ.
2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. შუა სოფელში XIV–XV სს. ღვთისმშობლის ერთნავიანი დაზიანებული ეკლესიაა. კედლები გარედან ნაგებია თლილი, ხოლო შიგნით – ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები შირიმის ქვისაა. გადამხურავი კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ჩანს მოხატულობის კვალი.
სოფლის მახლობლად, ნასოფლარის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაგები, ამავე ხანის 2 კოშკისა და ეკლესიის ნანგრევებია. ერთი ცილინდრული კოშკი 5-სართულიანი ყოფილა, მეორე (პირამიდული, გეგმით კვადრატული) სამსართულიანი.
პ. ზაქარაია