დიზის მარმარილოს საბადო

დიზის მარმარილოს საბადო, მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიზთან.

მარმარილოს ლინზები განლაგებულია პალეოზოურ-ტრიასული ასაკის დიზის წყებაში. სულ გამოვლენილია 6 ლინზა, მათი საშ. სიგრძე 150–200 მ, სისქე 25–30 მ. შემცველ ქანებთან კონტაქტურ ნაწილში მარმარილო ნაცრისფერია და ზოლიანი, ბუდობის ცენტრ. ნაწილში – ნაცრისფერი, მასიური. სიმკვრივე – 2600– 2800 კგ /მ³, ფორიანობა – 0–3%, სიმტკიცე კუმშვისას – 48–98 მეგპა. ბლოკების გამოსავალი სამთო მასიდან – 20,3%, ფილების გამოსავალი 1 მ³ ბლოკიდან – 12–14 მ².

მუშავდება ღია წესით. გამოიყენება შენობების შესამოსად და ინტერიერებისათვის (მაგ. დიზის მარმარილოთი არის მოპირკეთებული რკინიგზელთა კულტურის სახლის სვეტები თბილისში).

ვ. ჯავრიშვილი