ეგრისი, ე გ რ ი, ე გ უ რ ი, 1. ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ეგროსის წილხვედრი ქვეყანა, რ-იც აღმ. შავიზღვისპირეთის ნაწილს (ლიხის ქედიდან მდ. ყუბანის ძველ შესართავამდე) მოიცავდა. 2. დას. საქართველოს და უძველესი დასავლური ქართ. სახელმწიფოს სახელწოდება ძვ. წ. XV–XIV ს-იდან ახ. წ. VIII ს. ჩათვლით. იგივეა, რაც „კულხა“, „კოლხა“, „კოლხიდა“ და „ლაზიკე“. ე. მომდინარეობს ქართ. მოდგმის ტომის სახელწოდებიდან „ეგრი“, რ-საც თავდაპირველად მდინარეებს – რიონსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია ეკავა. ხალხურ მეტყველებაში თავდაპირველად უფრო „ეგური“ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. 3. ე., ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ეგროსის მიერ დაარსებული ქალაქი, რ-საც ის შემდეგდროინდელ ბედიასთან აიგივებდა. 4. ე., უფრო ზუსტად „შიდა ეგრისი“, ეწოდებოდა საკუთრივ „ეგერი“ ტომით დასახლებულ ტერიტორიას მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
თ. ბერაძე