დილერი

დილერი (ინგლ. dealer – მოვაჭრე, აგენტი), შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და ხარჯით.

ეს განასხვავებს მას ბროკერისაგან, რ-იც თანამშრომლობს თავის კლიენტებთან მათივე სახელით და დავალებით. დ-თა ინ-ტი სავაჭრო-საშუამავლო სტრუქტურების ფართოდ გავრცელებული ნაირსახეობაა.

დ-ები თვითონ არჩევენ მომწოდებლებს და მყიდველებს, რ-ებსაც შუამავლის მეშვეობით საქონლის გაყიდვის ან ყიდვის სურვილი აქვთ. დ-თა შემოსავალს წარმოადგენს საქონლის ნასყიდობასა და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა.

საქართველოში სადილერო საქმიანობა ექვემდებარება საქართვ. კანონს სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ (1999 წ., 23 ივნ., მუხლი 2).

დილერული ოპერაციების ჩატარების უფლებამოსილება ქვეყნის საფონდო ბირჟაზე აქვს ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე საბროკერო კომპანიებს. ამდენად, დილერული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა ჩვენში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ა. გაგნიძე