გლერძი (Astragalus), ერთ ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვხვდება ბალახების ან ნახევრად ბუჩქების სახით, ზოგჯერ ეკლიანია. აქვთ წყვილფრთისებრი ან კენტფრთისებრი, იშვიათად 1–3 ფოთოლაკიანი ფოთლები, ყვავილები თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი.
საქართველოში 72 სახეობაა. მათგან 16 ენდემურია. გვხვდება ქვიან, ღორღიან მთის ფერდობებზე, კლდეებსა და ნაშალებზე, მორენებზე, თიხნარ ბორცვებზე დაბლობიდან სუბნივალურ სარტყლამდე, ნახევრად უდაბნოებში, ველებზე, ბუჩქნარში, ტყის ველობებსა და მაღალმთიან მდელოებზე. ეკლიანი ბუჩქები ქმნიან დაჯგუფებებს – გლერძიანებს.
ბევრი სახეობა კარგი საკვები ბალახია, ღერო შეიცავს გუმფისს, რ-საც საფეიქრო და ქაღალდის მრეწველობაში იყენებენ. ფოთლებსა და თესლს ხალხ. მედიცინაში იყენებენ. ზოგი ავტორი გუმფისის შემცველ ეკლიანი ბუჩქების ჯგუფს დამოუკიდებელ გვარს Astracantha-ს მიაკუთვნებს.
მ. ივანიშვილი