დერჩი

დერჩი იოანე ნათლისმცემლის ეკლესია XIV ს.

დერჩი, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მექვენის თემში (იმერეთის მხარე), მდ. რიონის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 500 მ, წყალტუბოდან 55 კმ. 330 მცხ (2002).

სოფ. დ. იხსენიება XII ს. საბუთში, საიდანაც ჩანს, რომ იგი მეფე გიორგი III-ს გელათის სამეფო სამწირველოსთვის შეუწირავს. სოფელი გვიანდ. ფეოდ. ხანაში ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო. სოფლის შუაგულში, შემაღლებულ ადგილზე, დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (მოქმედია), რ-იც სავარაუდოდ XIV ს. მიეკუთვნება. მისი საბოლოო სახე რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ეკლესიის ცენტრ. სივრცე აღმ-ით ღრმა, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული (იგი გარედან შვერილია). გვერდის მინაშენებთან დაკავშირებულია კედლებში გახსნილი თითო ფართო თაღით. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავები ასევე აფსიდითაა დასრულებული. ეკლესიის ძირითადი სივრცე, ისე როგორც მინაშენებისა, გადახურულია კამარით.

შესასვლელი დას-იდან და სამხრ-იდანაა. დას. მხარეს ნართექსია, რ-იც სამივე ნავთან არის დაკავშირებული. ეკლესია ორსაფეხურიან ბაქანზე დგას. ნაგებია მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. დაგვირგვინებულია კარნიზით.

ფასადები სადაა, მხოლოდ დას. სარკმლის თავზეა ცხოველთა რელიეფური გამოსახულება. შიგნით კედლები მთლიანად მოხატული იყო (ნაწილობრივ ჩამონგრეულია), როგორც რელიგ. სცენების, ისე წმინდანთა გამოსახულებებით. საკურთხევლის წინ XVII ს-ის კანკელი დგას, ამავე დროისაა საკურთხევლის ზედა ნაწილში მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც (დაზიანებულია).

სოფელში არის გვიანდ. შუა საუკ. რამდენიმე კოშკის ნანგრევი.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე  ი., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა  ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.

თ. ბერაძე