სოფლის მეურნეობის უშუალო მწარმოებელთა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფენა, რ-იც თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ტერმ. „გლეხი" ქართ. წყაროებში VIII ს-იდან მოიხსენიება. გლეხი ეწოდებოდა პირადად არათავისუფალ პირს, რ-იც დასახლებული იყო და მეურნეობას ეწეოდა ფეოდალის მიწაზე, მიწის პატრონს კი ბეგარას უხდიდა. გლეხთა წარმოშობის თავდაპირველი წყარო სხვადასხვა იყო: გლეხად იქცეოდა მიწათმფლობლის მიწის ნაკვეთზე დასახლებული თავისუფალი მეთემე, მონა, ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ან გამოსყიდული და ნაკვეთზე „დასმული" კაცი და ა. შ. IX–X სს. საქართვ. მწარმოებელ საზბაში ჯერ კიდევ იყვნენ პირადად თავისუფალი მიწათმოქმედნი (მდაბიურები), რ-თა გაგლეხების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა. ეს პროცესი XI– XII სს-ში დასრულდა (XIV ს. საკანონმდებლო ძეგლის „ბექააღბუღას სამართლის" მიხედვით, გლეხის მიწაზე მიმაგრება დიდი ხნის წინათ მომხდარი ფაქტია). ბატონს უფლება ჰქონდა გაქცეული გლეხი 30 წელს ეძებნა. შეეძლო გლეხის გასხვისება-გაყიდვა, გაჩუქება, გამზითვება, შეწირვა, წყალობით გაცემა და სხვ. ამის მიხედვით გლეხები იყვნენ „ნასყიდი", „ნამზითვი", „შეწირული", „ნაწყალობევი" და ა. შ. XI– XIII სს-ში გვხვდებიან მკვიდრი (თაობიდან თაობამდე საბატონო მიწის ერთ ნაკვეთზე მჯდომი), თავდაწერილი, თავდაუწერელი, ნებიერი, გარეთმოსული გლეხი და სხვა სოც. კატეგორიის გლეხები. XV–XVIII სს-ში გაჩნდნენ წყალობის ყმა, თავშეწირული, თავნასყიდი, აზატები, თარხანი, ბოგანო, ხიზანი, ტაბარუკი და სხვა გლეხები. საბატონო მიწის ნაკვეთს, რ-საც გლეხი ფლობდა, ფუძე (ფუზე) ერქვა (XI–XV სს.). ზოგჯერ მის აღსანიშნავად „მამულიც" იხმარებოდა, რადგან მემკვიდრეობით მამისგან შვილზე გადადიოდა. XVI ს-იდან „ფუძის" აღსანიშნავად შემოვიდა „საკომლო" (საკუამლო, საკვამლო). ფუძე-საკომლო საქართვ. სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სიდიდისა იყო. XI–XII სს-ში კომლი და ფუძე ერთმანეთს ემთხვეოდა. დროთა განმავლობაში ხდებოდა ფუძესაკომლოთა დაქუცმაცება. XII ს-იდან ერთ ფუძეზე 2–8 კომლი იჯდა. XVIII ს. II ნახევარში კი ზოგიერთი გლეხი საკომლოს მეთორმეტედ ნაწილს ფლობდა. მიმდინარეობდა საწინააღმდეგო პროცესიც – ახ. ფუძე-საკომლოების გაჩენა და შემცირებული მიწის ნაკვეთის შევსება. მიწის სანაცვლოდ გლეხი ფეოდალს უხდიდა ბეგარას (შრომით, ნატურით, ფულით). გლეხს შეიძლებოდა ჰქონოდა საკუთარი – ნასყიდი მიწაც, რაც კანონმდებლობით მტკიცე საკუთრება იყო, მაგრამ გლეხს მისი გასხვისება ბატონის ნებართვის გარეშე მაინც არ შეეძლო. გლეხი სარგებლობდა ასევე სათემო მიწებით. XIV ს. კანონმდებლობით გლეხის „სისხლის" ფასი 400 და 1000 თეთრი იყო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ არსებობდა გ-ის ეკონომიკურად და უფლებრივად განსხვავებული ფენები. XVIII ს. I ნახ. კანონმდებლობით, გლეხების ცალკეული კატეგორიებისათვის განსხვავებული „სისხლის" ფასი დაწესებული არ ყოფილა, მაგრამ ამ პერიოდშიც გლეხთა სხვადასხვა კატეგორიის არსებობა გ-ის არაერთგვარობაზე მეტყველებს. ეკონ. მდგომარეობის მიხედვით XV– XVIII სს. გლეხები 4 კატეგორიად იყოფოდნენ: 1. კარგი გლეხი (დიდი გლეხი, პირველი კაცი), 2. შუათანა გლეხი (საშ. გლეხი, მეორე კაცი), 3. დაბალი გლეხი და 4. შეუძლებელი. გ-ის ეკონ. დანაწილების პრინციპი დამოკიდებული იყო მათ გადახდისუნარიანობაზე. გლეხთა გადასახადები მრავალფეროვანი იყო – იხდიდნენ სამეფო, საბატონო, საეკლესიო, სამოხელეო და სხვ. გადასახადებს, უცხო დამპყრობთა სასარგებლოდ დაწესებულ გამოსაღებს და სხვ. გლეხის გასხვისება ძირითადად იმ მიწიანად ხდებოდა, რ-ზედაც იყო მიმაგრებული, მაგრამ პრაქტიკულად ეს იურიდ. ნორმა ხშირად ირღვეოდა. XVIII ს. II ნახევარში ცენტრ. ხელისუფლება იძულებული გახდა გაეტარებინა ღონისძიებანი გლეხთა უმიწოდ გაყიდვის წინააღმდეგ. დაბეგრილი გ-ის გვერდით არსებობდნენ ნაწილობრივ ან სრულიად დაუბეგრავებიც. ესენი იყვნენ განსაკუთრებული დამსახურების გამო შეღავათებით მოსარგებლე აზატ-თარხნები (შეუვალნი), ან ეკონომიკურად დაკნინებულნი – შეუძლებელნი. ზოგჯერ გლეხს ორმაგი ბეგარა-სამსახურიც ეკისრებოდა. XVII–XVIII სს-ში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ერთი მებატონისგან აყრილი გლეხი მეორე მებატონის მიწაზე დაჯდებოდა და იქიდან „ემსახურებოდა" თავის ძვ. მებატონეს. XIII–XIV სს-ში გამოჩნდნენ ე. წ. „მეღალე გლეხები", რ-ებიც იჯარით ამუშავებდნენ სხვის მიწას. მოსავლის ნაწილი პატრონისა იყო, ნაწილი – გლეხისა. უმიწო ან მცირემიწიანი გლეხები ხშირად დადიოდნენ სხვადასხვა მხარეში, სოფლებში თუ ქალაქებში „მოსარეწელად", ანუ საშოვარზე. XIII–XVIII სს-ში ე. წ. აღზევებულ გლეხებს („გლეხის გლეხი") ზოგჯერ ჰყავდათ მკვიდრი ან ნასყიდი გლეხები, თუმცა ქართ. ფეოდ. კანონმდებლობა ამას კრძალავდა. უმიწო, „უმამულო" გლეხებს შორის იყვნენ ხელოსნებიც, რ-ებიც დადიოდნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ხელოსნობით ირჩენდნენ თავს და ფეოდ. ვალდებულებებსაც იხდიდნენ.
მთელი ფეოდ. ეპოქის მანძილზე შეიმჩნეოდა გ-ის ექსპლუატაციის რეგლამენტაციის ცდა. ამის მიუხედავად, იზრდებოდა გლეხთა ბეგარა- გადასახადები. გ. იბრძოდა ფეოდალების წინააღმდეგ. ანტიფეოდ. ბრძოლის ფორმები იყო გადასახადზე უარის თქმა, ფეოდ. ვალდებულებათა შეუსრულებლობა, ჩივილი მეფესთან, აყრაგაქცევა, ზოგჯერ ბატონის მოკვლა. ბრძოლის უფრო მაღალი ფორმა იყო გლეხთა აქტ. გამოსვლები (აბრაგობა, ყაზახობა, ყაჩაღობა, „ჯანყი"), მაგრამ ის უფრო იშვიათი, ლოკალური ხასიათისა იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ განსხვავება გლეხთა კატეგორიებს შორის თანდათან წაიშალა. ცარიზმმა გააუქმა თარხანი, აზატი და მსახური გლეხის პრივილეგიები. მოხდა გლეხთა კატეგორიების ნიველირება გამოსაღებთა საფუძველზე. XIX ს. დასაწყისიდან ჩამოყალიბდა სახელმწიფო ანუ სახაზინო გლეხთა კატეგორია, რ-შიც შევიდნენ ყოფ. სამეფო და საუფლისწულო ყმები, აგრეთვე ცარიზმის საწინააღმდეგო აჯანყებებში მონაწილეობისათვის დასჯილი თავად-აზნაურთა ყმები. საეკლ. გლეხების სოც.-ეკონ. მდგომარეობა კი არსებითად არ შეცვლილა. ბურჟ. რეფორმების წინ საქართვ. გლეხური მოსახლეობის დაახლ. 47%-ს საბატონო, 43%- ს სახაზინო და 10%-ს საეკლ. გლეხები შეადგენდნენ. XIX ს. 60-იანი წწ. დასაწყისში ფეოდ. ბატონყმური სისტემის კრიზისმა და გლეხთა ბრძოლის გამწვავებამ აიძულა ცარიზმი გაეუქმებინა ბატონყმობა. საბატონო გლეხებმა მიიღეს პირადი თავისუფლება, მათგან შეიქმნა დროებითვალდებულ გლეხთა ახ. კატეგორია. 1869–80 საეკლ. გ. თანდათან დაექვემდებარა სახაზინო უწყებას. ხიზნებს ფორმალურად რეფორმა არ შეხებია, მაგრამ ფაქტობრივად მათი მდგომარეობა უფრო მერყევი გახდა. რეფორმის შემდგომ წლებში, სასაქონლო-ფულადი და კაპიტალ. ურთიერთობის განვითარების პირობებში გ., როგორც ერთიანი წოდება, ქრებოდა. თანდათანობით ღრმავდებოდა გ-ის სოც. დიფერენციაციის პროცესი. XIX–XX სს. მიჯნაზე საქართვ. გ-ის 5%-ს შეადგენდნენ შეძლებული გლეხები („კულაკები"), 35–40%- ს – საშუალონი და 55–60%-ს ღარიბები. მთელი გ. დაინტერესებული იყო ბატონყმობის ნაშთების – თავად-აზნაურთა წოდებრივი პრივილეგიებისა და მსხვილი მემამულური მიწათმფლობელობის მოსპობით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წ. 26 მაისი) შემდეგ გ-ის მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკამ 1918–19 გაატარა აგრ. რეფორმა, რ-მაც მოსპო ბატონყმობის ყველა ნაშთი, გააუქმა მსხვილი თავადაზნაურული მიწათმფლობელობა, ჩამორთმეული მიწების დიდი ნაწილი გადასცა ღარიბ გ-ს. საქართვ. გ-ის საკუთრებად დამტკიცდა როგორც ადრინდ. სანადელო მიწები, ისე ახლად მიზომილი ნაკვეთები 45 და ამით შეიქმნა თავისუფალი გლეხური, ფერმერული მეურნეობის განვითარების რეალური შესაძლებლობა.
საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარებისთანავე (1921) დაიწყო კორექტივების შეტანა 1918–19 აგრ. რეფორმაში. საბჭ. ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ სოც. დემოკრატებმა დააკანონეს მიწის დიდი ნორმა (სხვადასხვა ბუნებრივ-სამეურნეო ზონაში 7, 15, 40 ჰა ), რითაც დაიცვეს თავადაზნაურობისა და „კულაკთა" ინტერესები და ძალიან მცირე ფართობები გამოუყვეს ღარიბებს. ახ. რეფორმის შედეგად შემცირდა მიწის ნორმა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ღარიბი გ-ის მიწათმფლობელობა. მაგრამ საერთოდ მიწის ნაციონალიზაციის კანონმა გლეხთა უფლება მიწაზე მნიშვნელოვნად შეზღუდა. მიუხედავად ამისა, ე. წ. ახ. ეკონ. პოლიტიკის პირობებში გლეხები არსებითად ინარჩუნებდნენ სამეურნეო დამოუკიდებლობას, მიღებული პროდუქციის საბაზრო ფასებში გაყიდვის შესაძლებლობას. ამასთან ერთად გლეხებს ჰქონდათ გამსაღებელ მომხმარებელთა კოოპერატივებში გაერთიანებისა და მიწის დამმუშავებელი ამხანაგობების შექმნის შესაძლებლობა. 1929-იდან სამეურნეო ევოლუციის პროცესი შეწყდა. ზემოდან დაშვებული გეგმით დაიწყო მასობრივი, არსებითად ძალდატანებითი კოლექტივიზაცია, რ-ის დროსაც უხეშად ითელებოდა გლეხის უფლებაც და სურვილიც. შეძლებული გლეხების მიმართ რეპრესიებსაც მიმართავდნენ, მათი საგრძნობი ნაწილი ფიზიკურად და სოციალურად მოსპეს. „კულაკებთან" ერთად საშ. გლეხებსაც შეუტიეს. კოლმეურნეობებში გაერთიანებულმა გ-მ დაკარგა პიროვნული თავისუფლება, კოლექტიური შრომის შედეგად მიღებული პროდუქციის თავის შეხედულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა. მისი მთ. ფუნქცია გახდა პროდუქციის უაღრესად დაბალ ფასებში მიწოდება სახელმწიფოსათვის. არაეკვივალენტურმა გაცვლამ დიდი ზიანი მიაყენა გ-ს, სოფელს.
50-იანი წწ. შუა ხანიდან გარკვეული ცვლილებები მოხდა საბჭ. სახელმწიფოს აგრ. პოლიტიკაში. გაიზარდა სახელმწიფოსათვის მისაყიდი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასი. ამან აამაღლა კოლმეურნეობათა რენტაბელობა, მაგრამ საზ. მეურნეობიდან კოლმეურნეთა შემოსავალი არსებითად არ გადიდებულა. წარმოების საბოლოო შედეგებით გლეხის დაინტერესება არ გაზრდილა. ასეთ პირობებში კოლმეურნე გლეხმა თავისად ვერ შეიცნო სახელმწ. საკუთრება და საზ. წარმოება. მთელი ყურადღება საკარმიდამო ნაკვეთებსა და გარე სამუშაოებზე გადაიტანა, რამაც გამოიწვია სას.- სამ. წარმოების კრიზისი და სასურსათო პრობლემის გამწვავება. 80-იან წლებში დაიწყო სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დაძლევის გზების ძიება. ტარდებოდა ეკონ. ექსპერიმენტები. ე. წ. გარდაქმნის სტრატეგიის მიზანი იყო უშუალო მწარმოებელ მასას დაბრუნებოდა მიწისა და წარმოების საშუალებებზე ბატონ-პატრონობის გრძნობა, მაქსიმალურად ამაღლებულიყო კოლმეურნე გლეხობის სოც. აქტიურობა. კოლმეურნეობები თავისუფლდებოდნენ მბრძანებლურადმ. დიქტატისაგან, ღებულობდნენ დამოუკიდებლობას, გ-ის თვითმოქმედებასა და ინიციატივას საფუძვლად ედებოდა კოლექტ. და საოჯახო იჯარა, შრომის ორგანიზაციისა და მატერ. სტიმულირების სხვა ფორმები. ხდებოდა საკუთრებისა და მეურნეობის ფორმათა გამრავალფეროვნება, საბჭ. მეურნეობისა და კოლმეურნეობის პარალელურად თავისუფალი გლეხური და ფერმერული მეურნეობის შექმნა-განვითარება. საბჭოური იმპერიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1991) შემდეგ საბაზრო ურთიერთობათა თანდათანობით ჩამოყალიბებისა და კერძო საკუთრების განვითარების პირობებში დღევანდელი ქარსთული სოფლის ახალ სახეს ფერმერული მეურნეობა წარმოადგენს. თუ ადრე სოფლად მეურნე კაცი გლეხად მოიხსენიებოდა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში შინაარსობრივი ინტერპრეტაციით იგი ფერმერად, მესაკუთრედ იწოდება. გლეხი თუ ისტორიულად სოციალურ კატეგორიას წარმოადგენდა, ფერმერი, მისგან განსხვავებით, ეკონომიკურ კატეგორიას განეკუთვნება და ამდენად, დღეს უკვე გაუმართლებელია „გლეხისა" და „ფერმერის" გაიგივება, მათი სინონიმებად წარმოდგენა. ფერმერი ახლებური ტიპის სამეწარმეო მოტივაციებზე მორგებული სოფლის მეურნეა, რ-ის საქმიანობაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეფუძნება.
რაც შეეხება სოფლის მცხოვრებთა სამოსახლოსთან მდებარე პატარ-პატარა ნაკვეთებზე გაშლილ წარმოებას, იგი, შესაძლებელია იწოდებოდეს სოფლის მკვიდრის საკარმიდამო მეურნეობად, რ-ის პროდუქციასაც ძირითადად თავისავე ოჯახში მოიხმარს და რეალიზაციის პროცესს ნაკლებად ექვემდებარება.
ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი ა., საქართველოს ისტორია (1801–1991), თბ., 1999; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., გლეხთა გამოსაღებები XI–XII სს. საქართველოში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7; მ ი ს ი ვ ე, გლეხთა კატეგორიები XI–XII სს., იქვე, 1960, ტ. 5, ნაკვ. 1; ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ქართლის ადრეფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1961; გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 2, ნაწ. 2, თბ., 1956; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ძირითადი საზოგადოებრივი კლასები IX–X სს. საქართველოში, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, №1; მ ე გ რ ე ლ ა ძ ე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიები XVI–XVII სს., «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, ნაწ. 1, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ს ო ს ე ლ ი ა ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966; А н т е л а в а И. Г ., Государственные крестьяне Грузии в XIX веке, т. 1, Тб., 1969; т . 2, Сух., 1962; Сельское хозяйство и аграрные отношения (источники и материалы), cост. П. В. Гугушвили, т.1–4, Тб., 1937–55.
ა. ბენდიანიშვილი
დ. მეგრელაძე
ო. ქეშელაშვილი