დვალურა (Polygonum carneum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა.
აქვს 15–100 სმ -მდე სიმაღლის ღერო, ტუბერისებრ გამსხვილებულ-გახევებული, ზოგჯერ – დაკლაკნილი ფესურა და კენწრულ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი მოწითალო, ვარდისფერი ან ხორცისფერი წვრილი ყვავილები.
გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდ. ნაწილის ტორფიან ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე. გვხვდება საქართვ. ყველა რ-ნში, ალპ. და სუბალპ. მდელოებზე. ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზას. აჭარაში დანერგილია ბოსტნის კულტურად (რძეში მოხარშულს საჭმელად ხმარობენ). ფესურას იყენებენ კუჭნაწლავის სამკურნალოდ და გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ.
კარგი თაფლოვანი მცენარეა.
მ. გურგენიძე