დიასამიძე ანზორ ოსმანის ძე (დ. 15. VI. 1939, სოფ. ცინარეთი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკ-ტი (1964). 1969-იდან მუშაობს იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006-იდან უნ-ტის ბიოლ. დეპარტ. სრული პროფ. და იმუნოგენეტიკის სამეცნ. კვლევითი ლაბორატორიის გამგეა. დ-ის კვლევის ძირითადი სფეროა ციტრუსების, ჩაისა და ზოგიერთი ხეხილოვანი მცენარის სელექციისა და გენეტიკის პრობლემები. მისი ბოლო პერიოდის გამოკვლევა ეხება სისხლის ერითროციტული ჯგუფური ანტიგენების გენოგეოგრაფიას აჭარის მოსახლეობის პოპულაციაში და მათ ასოცირებას სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან.
თხზ.: ბუნებრივი და ქიმიური მუტაგენეზი ციტრუსების სელექციაში, ბათ., 1994; მემკვიდრეობის და ცვალებადობის ბალანსის ბიოლოგიური რეგულაცია და ევოლუციური მნიშვნელობა, ბათ., 1999.
ი. ჯაფარიძე