დიდგულა (Sambucus nigra), ტოტებგაშლილი ბუჩქი ან პატარა ხე ცხრატყავასებრთა ოჯახისა.
მისი სიმაღლეა 3–6 მ. აქვს მწვანე ყლორტები. ტოტები და ღერო დაფარულია მონაცრისფერო-ჩალისფერი ქერქით. დ-ს ღეროსა და ყლორტების გული თეთრი და რბილია. თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო წვრილი ყვავილები შეკრებილია მსხვილ კენწრულ ფარისებრ-საგველა ყვავილედში. მოშავო-მოიისფრო კენკრასებრი ნაყოფი წვნიანია.
გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ჩრდილის ამტანია. იზრდება ტყეში, ტყის პირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე, უმთავრესად ტენიან ფერდობებზე.
დ-ს ქერქს, ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ნაყოფს ხმარობენ აბრეშუმის ქსოვილების შესაღებად. დ. დეკორ. ბუჩქია.
ლ. ხინთიბიძე