დიდების ტაძარი

დიდების ტაძარი XIX ს. დასასრული თბილისი

დიდების ტაძარი, კავკასიის ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-ისტორიული მუზეუმი (1888-იდან) გოლოვინის (ახლანდ. რუსთაველის) პროსპექტზე. აიგო 1877–78 რუსეთ-ოსმ. ომში რუს. გამარჯვების აღსანიშნავად (არქიტ. ა. ზალცმანი), იმპერატორ ალექსანდრე III-ის თანხმობით და ა. დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით.

1885 დამტკიცდა არქიტ. ა. ზალცმანის პროექტი (რ-საც საფუძვლად დაედო არქიტ. პიო პიაჩენტინის პროექტით აგებული რომის საგამოფენო სასახლის ფასადი) და გამოიცა ბრძანება სამხ. უწყებისათვის ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილის გადაცემის თაობაზე. 1888 დამთავრდა შენობის მშენებლობა და შეგროვდა ექსპოზიციისათვის საჭირო ექსპონატები: საიმპერატორო გვარეულობის წევრთა და მხედართმთავართა პორტრეტები, ბატალური სცენების ამსახველი ტილოები, რუს. და სპარს.-თურქ. სამხედრო საჭურველი;

სურათები საგანგებო შეკვეთით შეასრულეს იმ დროის ცნობილმა მხატვრებმა – ი. აივაზოვსკიმ, ფ. რუბომ, ნ. სამოკიშმა, პ. კოლჩინმა და სხვ. ექსპოზიცია რუსეთის მიერ წარმოებულ რუს.-კავკ. ომების ისტორიას ასახავდა. ექსპონატების შერჩევა და მათი დაცვისათვის თვალყურის დევნება სპეციალურად დანიშნულ კომისიას ევალებოდა.

შენობის ფასადზე მიმაგრებული იყო 12 დაფა, რ-ებზეც ამოტვიფრული იყო კავკასიის ომების მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. შენობის გარშემო იდგა 38 ზარბაზანი – ომის ნადავლი.

1914 გალერეის ექსპოზიცია დაიხურა. ნაწილი ექსპონატებისა გაიტანეს საქართველოდან. ფერწერული ტილოების საქართველოში დარჩენილი ნაწილი ამჟამად დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად დ. ტ-ის შენობა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ გალერეას.