დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

დუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია 1884

დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში.

დგას წერეთლის გამზირზე (დიდუბის პანთეონის ჩრდ-ით). სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც მდებარეობდა თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ეკლესია, რ-იც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ბევრჯერ დაინგრა და აღადგინეს.

ერთადერთი ადრეული წყარო, რ-იც ამ ფაქტის შესახებ მიგვანიშნებს, არის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორთან შემორჩენილი ცნობა თამარ მეფის ქორწილის შესახებ: „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წამოიყვანნეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით რჩეული ღმრთისა მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა, და მუნ ქმნეს ქორწილი..." (თამარ მეფის ქორწილზე ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარიც მოგვითხრობს). მართალია, მემატიანენი უშუალოდ დიდუბის ეკლესიაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ თვით უტყუარი ფაქტი დიდუბეში მეფის სრა-სასახლის არსებობისა და აქ ქორწილის გადახდისა გვაფიქრებინებს, რომ სასახლესთან კარის ეკლესიაც უნდა მდგარიყო.

პორუჩიკ ჩუიკოს მიერ 1800 წლის თბილისის გეგმაზე სოფ. კუკიის იქით, დიდუბესთან, დატანილი აქვს წარწერა „დანგრეული ეკლესია", რ-იც, ეჭვგარეშეა, დ. ღ. შ. ე-ა. მისი აღდგენითი სამუშაოები დაიწყო სოფ. დიდუბის ქალაქთან შემოერთების (XIX ს. 50-იანი წწ.) შემდეგ. XIX ს. 60-იან წლებში დიდუბის ეკლესიას კამარები ჰქონია ჩამოქცეული. 1882 მ. ჯანაშვილი წერდა: „... ეკლესია, ის შესანიშნავი დიდუბის ეკლესია, რომელშიაც... მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა... ეხლა სამწუხარო მდგომარეობაშია: რამდენიმე წელიწადია ამის განახლება დაიწყეს, მაგრამ ეხლაც სანახევროდ გაუთავებელი უგდიად" ("დროება", 1882 წ. № 39).

ეკლესიის ისტორიას უფრო ვრცლად ეხება დეკანოზი დავით ღამბაშიძე: „... დიდუბის ეკკლესია აგებული იყო აგურით ღვთისმშობლის სახელობაზედ. მოთხრობა არის, რომ თამარის დედა დედოფალი ბურდუხან მძიმედ შეიქმნა, გიორგი მეფემ აღთქმა მისცა ღმერთს, დიდუბეში ეკკლესია აეშენებია, თუ დედოფალი მშვიდობით მორჩებოდა. მშვიდობით მორჩა დედოფალი და აი გიორგი მეფემ ამ ადგილს ააგო სასახლე და ეკკლესია... საქართველოს ექსარხოსის პავლეს დროს აღიძრა კითხვა დიდუბის ეკკლესიის განახლების შესახებ. ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის განსვენებულ დეკანოზს ბესარიონ ზედგენიძეს, რომელმაც დიდი შრომა მიიღო ამ ეკკლესიის აშენების საქმეში. ეკკლესია სხვა გეგმაზედ აშენდა და მართლაც კარგი ეკკლესია აშენდა. პირველად იგი უგუმბათო იყო, მაგრამ ეხლა მშვენიერი გუმბათი აქვს და მთლად ამშვენებს დიდუბის არემარეს..." (დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, "მწყემსი", 1893 წ. №18).

დიდუბის ტაძარში დღეს შემორჩენილი სამარხების წარწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რ-იც გვამცნობს ახ. საყდრის აღმშენებელის ვინაობას. წარწერა შესრულებულია ქართულ და რუსულ ენებზე, ეკლესიის სამხრ. კედელზე, შესასვლელის მარჯვ. მხარეს, საკურთხევლის ახლოს. უფრო ადრეული ჩანს იატაკის ერთ-ერთ მარმარილოს ფილაზე ქართ. ენაზე შესრულებული წარწერა: „აქა მდებარეობს გვამი დეკანოზ ბესარიონ სიმონის ძის ზედგენიძისა, აღმშენებლისა ამა ტაძრისა..." ეკლესიის გარშემო სასაფლაო ყოფილა. ამჟამად მხოლოდ რამდენიმე საფლავიღაა გადარჩენილი. ეპიტაფიები XIX–XX სს. განეკუთვნება.

დღევანდელი ეკლესია აშენებულია 1884 (არქიტ. ა. ჩიჟოვი), იმ სახით, როგორიც მაშინ მთელი რუს. ეკლესიებისათვის შემუშავდა და მოკლებული იყო მხატვრულ ღირებულებას. 1979–88 ეკლესია მოხატა ა. ბანძელაძემ (რესტავრ. 2007).

თ. ბერიძე