„დიელო“, ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი.
ჩამოყალიბდა 1961 ა. ებრალიძის ხელმძღვანელობით, როგორც ვოკალური კვარტეტი. მის შემადგენლობაში იყვნენ: ა. ებრალიძე, ვ. კიკაბიძე, გ. ლეონიძე, ს. ებრალიძე.
1966 კვარტეტი გადაკეთდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლად და შეივსო მუს. შემსრულებელთა ახ. ნაკადით (ა. მამაცაშვილი, გ. გაბუნია, გ. ჭირაქაძე, ა. რაქვიაშვილი, ლ. ტურაშვილი, ი. ფერაძე, ვ. კუცია და სხვ.). ანსამბლი მღეროდა პოლიფონიური ჯაზის სტილში. მის რეპერტუარში იყო ქართვ. (ა. ბუკიას, გ. ცაბაძის, რ. ლაღიძის, შ. მილორავას და სხვ.) და საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა სიმღერები.
ანსამბლმა მაღალოსტატური შესრულებით დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა. შემოიარა საბჭ. კავშირისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, პოპულარობას უწევდა ქართ. მუსიკას, ხალხურსა და საესტრადო სიმღერებს, მონაწილეობდა ქართ. ფილმებში: „წარსული ზაფხული" და „შეხვედრა მთაში". გამოშვებული აქვს ათი ფირფიტა „გიგანტი".
არის ესტრადის მსახიობთა IV საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1970). 1981 ანსამბლმა არსებობა შეწყვიტა.
1993-იდან კვლავ ფუნქციონირებს.
ვ. გოგოლაშვილი