„დილა“

1. „დილა“ ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ს.-დ. (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1907 (რედაქტორგამომცემელი – ს. ვადაჭკორია). სულ გამოვიდა 20 ნომერი. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. 2. ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა 1911 თბილისში (რედაქტორ-გამომცემელი – ა. ღულაძე), გამოვიდა 31 ნომერი. 3. ყოველდღიური პოლიტ. და ლიტ. გაზეთი ს.-დ. მიმართულებისა, გამოდიოდა 1912–13 ქუთაისში (რედაქტორ-გამომცემელი – ი. რუხაძე). 1912 სექტ-იდან 1913 წ. 4 მარტამდე „დ-ის" ნაცვლად დროებით გამოდიოდა გაზ. „მერცხალი". „დ." დაიხურა 1913 აპრ. ბოლოს მთავრობის განკარგულებით.

 

ჟურნალი „დილა" (100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნომერი)

4. დილა ყოველთვიური საბავშვო (ილუსტრირებული) ჟურნალი, დაარსდა 1904 თბილისში. თავდაპირველად გამოდიოდა „ნაკადულის" (დამაარსებელი – მ. დემურია ), 1928-იდან კი – „ოქტომბრელის" სახელწოდებით. 1948-იდან კი, „დ." დაერქვა. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ: მ. დემურია (1904–09), ნ. ნაკაშიძე (1910–26), ი. აბაშიძე (1933–34), გ. კაჭახიძე (1934–36), ბ. ჭაჭიაშვილი (1936– 37), ლ. ჭიჭინაძე (1937–41), რ. მარგიანი (1945–52), ი. ნონეშვილი (1952– 63), ჯ. ჩარკვიანი (1963–67), მ. ი. მაჭავარიანი (1967–82), ე. ნიჟარაძე (1982–89), რ. ინანიშვილი (1989–91), თ. ჩალაური (1992–94), დ. წივწივაძე (1995-იდან დღემდე). „დ-ის ავტორები იყვნენ: ი. ევდოშვილი (ხოსიტაშვილი), ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, გ. ქუჩიშვილი (ჩხეიძე) და მისი ძმა დ. თურდოსპირელი, დუტუ მეგრელი (დ. ხოშტარია), ცქვიტი (ა. ხახუტაშვილი), მიმქრალი (ლ. მეგრელიძე), მ. გარიყული (რატიანი), განდეგილი (დ. ერისთავი), ე. გაბაშვილი, ნ. ლომოური, შ. დადიანი, ლ. ქიაჩელი (შენგელაია), გ. შატბერაშვილი, ი. სიხარულიძე, ნ. ჩაჩავა, გ. ჭიჭინაძე, გ. ძნელაძე, ა. სულაკაური დ. ხიმშიაშვილ-ვადაჭკორია, ქ. ჭილაშვილი, ნ. ბეზარაშვილი, ც. ქიტიაშვილი, მ. ბოლქვაძე, ნ. თარგამაძე, ვ. ასლამაზაშვილი, მ. ჩხეტიანი, ვ. ჩხიკვაძე, ლ. ჯაფარაშვილი, დ. მაზმიშვილი და სხვ. 2004 გამოვიდა ჟურნალის გამოცემიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნომერი. 1984–90 გამოდიოდა ჟურნალის დამატება „აი ია" (სკოლამდელთათვის), 1970–83 – „დილის ბიბლიოთეკა", 1996–2000 – გაზეთი „საოჯახო საკითხავი". „დ-ის" ბაზაზე, 2007 დაარსდა საბავშვო გამომცემლობა „დილა" (შპს; გენ. დირექტორი – დ. წივწივაძე). გამომცემლობა ბეჭდავს გამოჩენილი მხატვრების მიერ დასურათებულ ქართულ კლასიკურ და თანამედროვე მწერალთა საბავშვო ნაწარმოებებს, სხვადასხვა გასართობ ლიტერატურას და სერიულ გამოცემებს.

5. დილა (სააქციო საზოგადოება), ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა ქ. გორში. დაარსდა 1958 „გორიხელსაწყოს“ სახელწოდებით. 1971 იგი, როგორც საცდელი ქ-ნა, გადაეცა საქართვ. მრეწვ. საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტს (მრეწვავტომატსაკი) და ეწოდა გორის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა. 1974–85 ქარხანა, სამეცნ.–კვლ. ინ-ტთან ერთად, შედიოდა თბილ. სამეცნ.–საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოში". 1985 ისინი გამოეყვნენ „ანალიზხელსაწყოს“ და მათ საფუძველზე შეიქმნა გორის საწარმოო გაერთიანება „დილა" (ექვემდებარებოდა სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს). ქ-ნას ეკავა 5 ჰა მიწის ფართობი, ჰქონდა გალვანური, საიარაღო, ამწყობი, მექანიკური, სამღებრო, პლასტმასების, ბეჭდვითი ფირების საამქროები. მისი ძირითადი პროდუქცია იყო ანალიზური და მაკონტროლებელი ზუსტი ხელსაწყოები: აკუმულატორის უნივერს. დასამუხტავი მოწყობილობა, ავტოინვენტორი (მუდმივი ძაბვის ცვლად ძაბვად გარდამქმნელი), ძაბვის სტაბილიზატორი, ელექტროენერგიით უწყვეტად კვების მოწყობილობა, სხვადასხვა სახის სას.- სამ. დანიშნულების ტექ. ნიმუშები, ანალიზური მოწყობილობები (ტენმზომი, კონდუქტომეტრული კონცენტრატომეტრი, ავტომ. თერმოჰიგრომეტრი, ლამის დონის განმსაზღვრელი სიგნალიზატორი და ა.შ.) და სხვ. ქ-ნამ თავისი არსებობის მანძილზე გამოუშვა 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ხელსაწყო. პროდუქცია გადიოდა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. გაერთიანების მიერ წარმოებულ პროდუქციას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ.შ. აღსანიშნავია 1990 ესპანეთში მოწყობილი გამოფენის სპეც. ჯილდო, რ-იც მიეკუთვნა ხელსაწყოს – ნარჩენი ქლორის ანალიზატორი (АХС-203). 1994 გორის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „დ." ამჟამად ქ-ნა ძირითადად ასრულებს კერძო დაკვეთებს.

ლ. აბრამიშვილი