დიუმა (Dumas) ალექსანდრ (მამა) (24. VII. 1802, ვილერ-კოტრე, ენის დეპარტ., – 5. XII. 1870, პიუი, ქვემო სენის დეპარტ.), ფრანგი მწერალი, დრამატურგი და პროზაიკოსი („მომხიბლავი მთხრობელი", ასე უწოდებდა მას ო. ბალზაკი).
დ-ს პიესებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრანგული რომანტ. თეატრის ისტორიაში, ხოლო სათავგადასავლო და ისტ. რომანებს: „სამი მუშკეტერი" (1844), „ოცი წლის შემდეგ" (1845), „ვიკონტ დე ბრაჟელონი" (1848–50), „გრაფი მონტე-კრისტო" (1845–46), „დედოფალი მარგო" (1845) და სხვ. მსოფლიო აღიარება ხვდა წილად.
საქართველოში დ. სიცოცხლეშივე გახდა ცნობილი, მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტის გამოც, რომ მან საქართველოში იმოგზაურა და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა აქაურ საზოგადოებასთან. ჯერ კიდევ კავკასიისკენ გამომგზავრებამდე, 1858, თავის გაზ. „მონტე-კრისტოში" გამოაქვეყნა ე. წ. „საუბრები", რითაც მკითხველს აცნობდა თავის განზრახვას, ნახოს კლდე კავკასიაში, სადაც მიჯაჭვული იყო პრომეთე, და პირადად შეხვდეს შამილს.
განზრახვა იმავე წელს შეასრულა, 23 ნოემბ. ჩამოვიდა საქართველოში და 1859 წ. 11 იანვრამდე დარჩა. საქართველოში ნანახი, განცდილი და გაგონილი შთამბეჭდავად აღწერა თავის ცნობილ წიგნში „კავკასია, მოგზაურობის შთაბეჭდილებანი". დ-ს ჩამოსვლისთანავე ჟურნ. „ცისკარში" გამოქვეყნდა ფრანგი „უწარჩინებულესი მწერლის", „მთელს ხმელეთზე გამოჩენილი მწერლის" ჩამოსვლის ცნობა. ამასთან, რედაქცია მკითხველს აღუთქვამდა მისი „გრაფი მონტეკრისტოს" თარგმანის დაბეჭდვას უახლოეს დროში.
დ-მ თითქმის მთელი საქართველო მოიარა: იყო ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, დიდხანს გაჩერდა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. შეხვდა იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეებს, მწერლებს, უშუალოდ გაეცნო ხალხს, მის ადათ-წესებს, ჩვეულებებს. დ. წერდა, რომ მოხვდა ნამდვილ „ქართულ სამოთხეში". თუმცა მწერალი თავიდანვე აფრთხილებდა მკითხველს, რომ მისი წიგნი მოგზაურის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მას ჰქონდა სათანადო ისტ.-გეოგრ.- ეთნოგრ. ცოდნა, იცნობდა როგორც ანტ. ხანის, ისე ევრ. მოგზაურებისა და მწერლების თხზულებებს საქართვ. შესახებ. კავკასიაში მოგზაურობისას იგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა საქართვ. გმირული წარსულის, ომების, ერის რჩეული პიროვნებებისა თუ ისტ. ძეგლების მიმართ და მათ შესახებ მკითხველს წიგნში ვრცლად და დაწვრილებით მოუთხრობდა. თამარ მეფის შესახებ მისი ნაამბობი ბუნდოვანია და ლეგენდის საზღვრებს არ სცილდება. წიგნში დიდი ადგილი აქვს დათმობილი თბილისს. ალბათ, არ მოიძებნება მაშინდელი თბილისის თეატრის უკეთესი აღწერა, ვიდრე დ-მ დაგვიტოვა: „ეს თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ დედამიწის ზურგზე", – წერს იგი და დაწვრილებით აღწერს შენობას, სცენას, მსახიობთა ჩაცმულობას. მეტად საყურადღებოა მისი აზრი ქართ. სიმღერების შესახებაც. დ. აღფრთოვანებულია ქართველების, მამაკაცებისა და, განსაკუთრებით, ქალების სილამაზით. ნაწარმოებში წარმოდგენილია მდიდარი გალერეა ცოცხალი პორტრეტებისა. დ. ამტკიცებს – ქართველები რაინდული ბუნების, გულუხვი და ხელგაშლილი ხალხიაო, და საამისოდ მრავალი ფაქტი მოჰყავს. მის თვალს არ გამოჰპარვია არათუ რაიმე მნიშვნელოვანი, არამედ წვრილმანი ამბებიც კი. წიგნში საუკეთესოა ბუნების უშუალო და ემოციური აღწერა. დ-ს განსაკუთრებით ხიბლავს უჩვეულო, ეგზოტიკური ამბები, სურს ევრ. მკითხველი გააკვირვოს ფანტასტიკური ეპიზოდებით.
დ. საგანგებოდ მიიწვიეს ჟურნ. „ცისკრის" რედაქციაში და გაუმართეს ვახშამი, რ-საც ესწრებოდა იმ დროის რჩეული საზ-ბა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დ-ს სტუმრობასთან დაკავშირებით ჟურნალის რედაქტორის ი. კერესელიძის ნაამბობი ა. წერეთელმა ჩართო თავის „ჩემს თავგადასავალში".
წიგნში დ. ხშირად იყენებს ქართ. სიტყვებს, გამოთქმებს, სახელებს ფრანგულადაც განმარტავს. ერთიანად „კავკასია" დიდი ინტერესით იკითხება და შეიცავს ბევრ ფრიად საყურადღებო ცნობას. წიგნი ქართულად რამდენჯერმე გამოიცა. საქართველოში დ-ს ნაწარმოებების თარგმნა მწერლის სიცოცხლეშივე დაიწყო.
დღეს ქართულად თარგმნილია მისი თითქმის ყველა საუკეთესო რომანი. რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობის დროს დ-ს თან ახლდა ფრანგი მხატვარი მუანე, რ-მაც მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა. თბილისში ყოფნისას დ. ცხოვრობდა ახლანდელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მახლობლად მდებარე ზუბალაშვილის სახლში.
თხზ.: OEuvres complètes, v. 1–301, P., [1846–68]; Théâtre complet, v. 1–15, P., 1863–74; Избр. соч., т. 1–8, Л., 1928–29; სამი მუშკეტერი, თბ., 1960; გრაფი მონტე კრისტო, ნაწ. 1–2, თბ., 1962; კავკასია (წინასიტყვ. ა. გაწერელიასი), თბ., 1964.
ლიტ.: ფანჩულიძე დ., ალექსანდრე დიუმა საქართველოში, წგ.: ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1969.
გ. ბუაჩიძე